ახმეტაში მოქალაქეთა პეტიციების პორტალის ichange.gov.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა

817

ღია მმართველობა პარტნიორობის ფარგლებში მოქალაქეებისთვის პეტიციის პორტალი ichange.gov.ge შეიქმნა. პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის შეხვედრებიი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.

პორტალის მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ასევე ხელისუფლებისა და საზოგადოების დაახლოების ხელშეწყობა.

პეტიციის შექმნა შესაძლებელია შემდეგ თემებზე: რეგიონული განვითარება, გარემოს დაცვა, კულტურა, ჯანდაცვა, მეცნიერება, სოციალური საკითხები, განათლება, ენერგეტიკა, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, ფინანსები, ეკონომიკა, სპორტი და ინოვაციები.

“პორტალი მოქალაქეებს რეალურად აძლევს იმის შესაძლობელობას, რომ საკუთარი ხმა მიაწვდინონ მთავრობას ამა თუ იმ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით. მთავრობას საკუთარი დადგენილებით აქვს ვალდებულება, რომ თუ პეტიცია წარდგენის შემდეგ მოაგროვებს 10 ათას ხელმოწერას, დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პეტიციის ავტორებს უნდა გასცეს დასაბუთებული პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პორტალი იყოს არაფორმალური, არამედ დაიტვირთოს და საკუთარი ფუნქცია შეასრულოს. რადგან პორტალი სამთავრობოა, უნდა აიტვირთოს მხოლოდ იმ თემატიკის შესახებ პეტიციები, რომლებიც მთავრობის კომპეტენციაა. დაინტერესებულ ჯგუფებს ხელმოწერების შესაგროვებლად ეძლევათ 1 თვე, შემდეგ კი გადაეცემა სამთავრობო ადმინისტრაციაში სპეციალურ კომისიას, რომელიც უკვე ვალდებულია პასუხის მომზადებაზე. ჩვენ და ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები USAID-ის კარგი მმართველობის პროექტის ინიციატივის ფარგლებში ვხვდებით საზოგადოების წევრებს, რათა ყველას ქონდეს ინფორმაცია ამის შესახებ“, – ამბობს ზვიად დევდარიანმა.

ამასთან, დევდარიანი განმარტავს, რომ პეტიცია არ უნდა იყოს ჰომოფობიური, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ წყობილებას, უნდა ეხებოდეს ადამიანთა დიდ ჯგუფს და სხვა.

პროექტს ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ოპერაციულ მხარდაჭერას ახორციელებს ევროკავშირი.