მთავრობა ტყითსარგეგბლობის წესებს ამკაცრებს და თვითმმართველობებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

169

ცენტრალური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტყითსარგებლობის წესების გამკაცრებაზე ილაპარაკა. 

პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა.

კვირიკაშვილის განმარტებით, ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს უწყობს ქვეყანაში მდგრადი ტყის განვითარების პროცესს, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლებაც აქტიურად ჩაერთოს.

“მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამინისტრო ამ საკითხში ვერ იქნება წარმატებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და შემდეგ ყველა ძალოვანი უწყების კოორდინირებული მუშაობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ტყით უკანონო სარგებლობას ბოლო მოვუღოთ.

მნიშვნელოვანია, რომ მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება ტყეში არსებული ნარჩენით სარგებლობა. ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის  – ბრიკეტების, პელეტების და სხვათა წარმოების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემას მოაგვარებს და ხანძრის პრევენციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე იწყებს გადასვლას ტყის ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით სარგებლობაზე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. ეს მნიშვნელოვანწილად დაზოგავს ტყის ჯანსაღ რესურსს ქვეყანაში და ტყის აღდგენას შეუწყობს ხელს.

მინდა ყველა თქვენგანს ვთხოვო, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვინაიდან ამ ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მიერ გასაკეთებელი საქმე. სამწუხაროდ, ისიც მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ეს ვერ მოხდება ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ადამიანის ჩართულობის გარეშე”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა.