კომპანიას, რომელმაც ქუთაისის მერიას 20000-ლარიანი მანქანა აჩუქა, ‘ტორპედოს’ საფეხბურთო მოედანს გადასცემენ

781

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” გენერალურ სპონსორს “კრისტალბეთს”, სპონსორობის სანაცვლოდ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ტორპედოს მოედანი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას topnews.com.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, “კრისტალბეთი” ის კომპანიაა, რომელმაც ქუთაისის მერიას 20 000 ლარად შეფასებულ „ჰიუნდაი სონატა“-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი აჩუქა. ამ მანქანით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია გადაადგილდება.

Topnews.com.ge წერს, რომ კერძო კომპანიისათვის საფეხბურთო მოედნის გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქის ხელისუფლებაში შეთანხმება მიღწეულია. კერძოდ, საკითხს ქალაქის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე კურირებს, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ტორპედო“-ში წლების განმავლობაში საქმიანობდა.

საფებურთო მოედნის გასხვისებასთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის გადაწყვეტილი არაფერია.