ქუთაისში, პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლები კანალიზაციის სისტემას ითხოვენ

968

ქუთაისში, პეტრიწის ქუჩის ცხოვრებლები წლებია კანალიზაციის სისტემის არარსებობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას Topnews-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ქუჩაზე კანალიზაცია სანიაღვრე სისტემაზეა მიერთებული, რის გამოც წვიმის შემდეგ ფეკალური მასები ქუჩებში ამოდის. მოსახლეობა ანტისანიტარიასა და ინფექციების არსებობაზე საუბრობს. მათი თქმით, ქუჩაში სპეციფიური სუნია, რის გამოც გარეთ გასვლა შეუძლებელია. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ის არხი, სადაც კანალიზაცია ღია სივრცეში მიედინება, წლებია არავის გაუწმენდავს.

პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლები პასუხისმგებელ ორგანოს ადგილზე მისვლასა და ზომების გატარებას სთხოვენ.

პეტრიწის ქუჩის მოსახლეობის პრობლემაზე პასუხისმგებელი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა. კომპანიის პრესსამსახურში გამოცემას უთხრეს, რომ მოსახლეობამ ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს, რის შემდეგაც ადგილზე ჯგუფი მივა. რაც შეეხება პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის საკითხს, წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ქუთაისში წყალარინების სისტემის მოწესრიგება 2019 წლიდანაა დაგეგმილი.