ნაციონალურ მოძრაობას თბილისის გენგეგმის განსახილველად დებატების დაწყება სურს

870

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის გენერალური განვითარების გეგმაზე ყველა პროფესიული სეგმენტის მონაწილეობით ღია დებატების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა თქვა. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.

“დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებამდე გენგეგმის შესახებ ცალმხრივად გაფილტრული ინფორმაცია მიდის. ანუ, მერია მათ ჩვენამდე ინფორმაციას დაინტერესებული მხარის მეშვეობით აწვდის. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ გენგეგმა რა დოკუმენტია საზოგადოებამ არ იცის. ამიტომ, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩვენს თავზე ავიღეთ, გავხსნათ, ღია გავხადოთ დებატები მერიისა და შემსრულებელი ორგანიზაციის და პროფესიული საზოგადოების, რათა ასეთ მსჯელობაში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ეს არის ის აუცილებელი ნაბიჯი, რომ ვიცოდეთ გენგეგმა რა სტადიაშია, ვიცოდეთ მინუსები, პლიუსები და ობიექტური სურათი”, – თქვა ნიკა ვაჩეიშვილმა.

ვაჩეიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” 5 თებერვალს, 14:00 საათზე თბილისის საკრებულოში შეხვედრაზე იწვევენ თბილისის მერს კახა კალაძეს, არქიტექტურის სამსახურის უფროსს, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. დოკუმენტი, რომლის შექმნაც 2015 წელს დაიწყო და რომლის შემუშავებაშიც დედაქალაქის წინა მთავრობამ 2 800 000 ლარი გადაიხადა, 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.

დეკემბრის ბოლოს, მერიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 145 ათასით დააჯარიმა. მერიამ განმარტა, რომ ამის მიზეზი დოკუმენტში არსებული გარკვეული ხარვეზები იყო.