ბათუმის მერმა ქალაქის ისტორიული უბნის და ძეგლების განვითარების პროექტი წარადგინა

842

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ქალაქის ისტორიული უბნის და ძეგლების განვითარების პროექტი წარადგინა. პროექტი აჭარის მთავრობასთან ერთად კოორდინირებული მუშაობის შედეგად შეიქმნა. მისი მიზანი ქალაქის სწორი ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ე.წ. ფონური შენობების დაცვა, აღდგენა და რეაბილიტაციაა.

პროექტი რამდენიმე ძირეულ ცვლილებას მოიცავს, კერძოდ: ქალაქის ისტორიულ სპეციალურ ზონაში პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 15 მეტრიდან 12 მეტრამდე იწევს; პროექტები შეფასდება დახვეწილი არქიტექტურისა და შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით; მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მცხოვრებლებისთვის.

როგორც ლაშა კომახიძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე მათი მიმდებარე ფონური ნაგებობების (საწყის ეტაპზე ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში) ეტაპობრივად მუნიციპალურ საკუთრებაში გამოსყიდვას მაცხოვრებლებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების გზით. შემდეგ ეტაპზე კი, მოხდება ამ შენობების რეაბილიტაციის პროექტების შემუშავება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით და ინვესტორებისთვის პირობიანი საინვესტიციო წინადადებების შეთავაზება.