“მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ – მცხეთა-მთიანეთში ახალი ინიციატივა წარმოადგინეს

770

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორმა, შალვა გივიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე, მაია ჭონქაძემ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შალვა გივიშვილმა რეგიონული განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა და ისაუბრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის განხორციელებულ პროექტებზე, ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სასოფლო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე, სახელმწიფო და  საერთაშორისო პროგრამებზე, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გრანტები გაიცემა. 

“შალვა გიგიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სააგენტოს ახალი ინიციატივა, “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“, რომელიც მუნიციპალიტეტს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს გრანტი ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ, განიხილეს პრობლემები და პერსპექტივები კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააქტიურებისკენ მოუწოდა, რომ მეტი საინტერესო და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული საგრანტო პროექტი შემუშავდეს მუნიციპალურ დონეზე. თავის მხრივ, შალვა გივიშვილმა ახალი ინიციატივებისა და კონკრეტული ღონისძიებების წარმატებით განხორციელების საქმეში მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა”,-აღნიშნულია თიანეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.