გურჯაანის სოფელში წარმოებული ხილფაფა ევროპის ბაზარზე გაიყიდება

580

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წარმოებული ხილფაფა ევროპის ბაზარზე გაიყიდება. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, შპს “ქართული ხილის კომპანია“ ხილის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს.  კომპანია სეზონზე დაახლოებით 5 ათასი ტონა ხილის გადამუშავებას და მის უცხოურ ბაზარზე გატანას გეგმავს.

შპს “ქართული ხილის კომპანიას“ სამაცივრე მეურნეობა სოფელ ჩუმლაყში აქვს. როგორც კომპანიის დირექტორმა, გიორგი ახალაძემ knews.ge-ს განუცხადა, ისინი ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციას 2013 წლიდან ახორციელებენ, თუმცა დღემდე ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე მუშაობდნენ. ახალაძის ინფორმაციით, საწარმოს მშენებლობაში 5 მილიონი ლარი ინვესტიციაა ჩადებული.

“პროდუქცია კენკროვანი ხილისგან დამზადდება და უმაღლესი ხარისხის იქნება. რაც შეეხება რეალიზაციას, გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან, რუსეთისგან არის სერიოზული დაინტერესება, თუმცა ხარისხობრივად გვინდა დავამზადოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ევროპის ბაზრისთვისაც იქნება მისაღები. პროდუქცია, ძირითადად, საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება. წლებია ჩვენი კომპანია ექსპორტზე მუშაობს, შესაბამისად, ხილფაფაც უცხოეთში გავა. მცირე რაოდენობით პროდუქტს ქართულ ბაზარსაც მივაწვდით. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებსაც შესაძლოა, შევთავაზოთ ხილფაფა, რომელიც შეიძლება ბავშვის საკვებისთვის იყოს გამოყენებული’’, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ახალაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ხილს ადგილობრივებისგან ჩაიბარებს. მეწარმის მტკიცებით, პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი იქნება, რადგან საწარმო აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით. გარდა ამისა, საწარმო გეგმავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც საწარმოს ტექნოლოგებისთვის სპეცილაურ სასწავლო კურსებს ჩაატარებენ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს “ქართული ხილის კომპანია“ სოფელში დაახლოებით მილიონ 300 ათასი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.