გორელი საჯარო მოხელეების დარღვეული უფლებები და დღემდე დაუდგენელი საბიუჯეტო დანაზოგი – რა შედეგი მოიტანა ქალაქ გორის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანებამ

1189

ქალაქ გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად კადრებისა და ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაცია ჯერაც არ დასრულებულა. მერიამ თანამშრომლების ნაწილი გაერთიანებამდე მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებიდან შეარჩია, ნაწილზე კი კონკურსი გამოაცხადა. თუმცა, კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციები კანონდარღვევად აფასებენ, რადგან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით, პირველ რიგში, სწორედ მუნიციპალიტეტში მომუშვე მოხელეები უნდა დასაქმებულიყვნენ.

ჯერჯერობით, ისიც უცნობია, რამდენი დაიზოგება ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებით. როგორც გახსოვთ, სწორედ ხარჯების დაზოგვა იყო ხელისუფლების მიერ დასახელებული ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ქალაქ გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება გადაწყდა. თუმცა, პროცესი ისე მიდის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიცა და ექსპერტებიც ვარაუდობენ, რომ ამ პროცესს ხარჯების დაზოგვა ვერ მოჰყვება, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ხელისუფლების უარგუმენტო გადაწყვეტილებას გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების შესახებ.

ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე, გორის სათემო მუნიციპალიტეტის გამგეობაში 159, საკრებულოში კი 22 მოხელე იყო დასაქმებული. ქალაქ გორის მერიაში –  96, ხოლო საკრებულოში – 12 მოხელე. ჯამში, ორივე მუნიციპალიტეტში 289 პროფესიული საჯარო მოხელე მუშაობდა.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილების – „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ – მიხედვით, 2017 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე, გორის უკვე გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერიაში 212, საკრებულოში კი 18 პროფესიული საჯარო მოხელე დასაქმდა. აქედან მერიაში ქალაქ გორის მერიიიდან 78, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 134 თანამშრომელი დასაქმდა. საკრებულოში კი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 12, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 6 პროფესიული საჯარო მოხელე დაინიშნა.

ამ დრომდე არსად დანიშნულა 43 საჯარო მოხელე, რომლებსაც, მობილობის წესის შესაბამისად, მერიისგან შეთავაზებაც კი არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოში კადრების დაკომპლექტების საკითხი მუნიციპალიტეტების გაერთიანებიდან რამდენიმე დღეში დასრულდა. მერიაში კი ამ დრომდე არ დასრულებულა.

პროცესის გაჭიანურებამ ოპოზიციურ პარტიებში და არასამთავრობო სექტორში ეჭვები გააჩინა, რომ მერიაში თანამშრომელთა დანიშვნა პარტიული ნიშნით ხდება. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ მერიამ რამდენჯერმე გამოაცხადა კონკურსი ვაკანტურ თანამდებობეზე, მაშინ, როცა 14 ნოემბრამდე მუნიციპალიტეტებში მომუშავე პროფესიული საჯარო მოხელეები დასასაქმებლები იყვნენ.

ალექსანდრე ვალიაური

„მერმა კონკურსი ისეთ პოზიციებზე გამოაცხადა, რომელზეც მას უკვე ჰყავდა შესაფერისი საჯარო მოხელეები, რომლებიც მერიასა და გამგეობაში მუშაობდნენ და მათ მიმართ ჯერ კიდევ არ იყო გამოყენებული მობილობის წესი. მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ მერი გამოიყენებდა მობილობის წესს და ყველა პროფესიონალ საჯარო მოხელეს, რომელიც კონკურსის წესით იყო დანიშნული, შესაბამის პოზიციებზე დაასაქმებდა, მაგრამ ვნახეთ, რომ მერიამ გამოაცხადა ახალი კონკურსები, რომლის ფარგლებშიც სრულად ახალი თანამშრომლები ინიშნებიან. ეს მეტყველებს ერთადერთზე, რომ მერს აქვს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები“, – აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ გორის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ალექსანდრე ვალიაური.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და მერია თავის დასაქმების ბიუროდ გადააქცია, სადაც მხოლოდ თავის კოორდინატორებსა და აგიტატორებს ასაქმებს“, – ასე შეაფასა პროცესი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძაროაბის“ თავმჯდომარემ, ბექა ქორჩილავამ.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე მობილობის პროცესს მონიტორინგს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უწევს. ორგანიზაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი ამ პროცესში არსებულ დარღვევებსა და პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

ქეთევან ბებიაშვილი

„მობილობა დინამიური პროცესია და გულისხმობს იმას, რომ ესა თუ ის პოზიცია, უპირველესად, უნდა შეეთავაზოთ იმ პირებს, ვინც მუნიციპალიტეტებში მათ გაერთიანებამდე იყვნენ დასაქმებული. თუ ახლადშექმნილ სტრუქტურაში შესაბამისი თანამდებობა არ არსებობს, მაშინ საჯარო მოხელეს უნდა შეეთავაზოს უფრო დაბალი თანამდებობა და მისივე თანხმობით უნდა მოხდეს შემდგომ მისი დასაქმება.  მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ ჰყავდა დარჩენილი თანამშრომლები, რომლებიც არ არიან დასაქმებული და ამის მიუხედავად, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი, რითაც მათი უფლებები დაარღვია. მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ, თუ დარჩებოდა მერიას შეუვსებელი  ვაკანსია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო მას კონკურსის გამოცხადება. გარდა ამისა, მობილობის პროცესში დარღვეულია ადმინისტრაციული წარმოებაც, კერძოდ, არ არის მიღებული რაიმე სახის სამართლებრივი აქტი. ანუ, თუ ადამიანები მობილობის შეუძლებლობის გამო არიან გათავისუფლებულები, მათ ამის შესახებ უნდა შეატყობინონ ოფიციალურად და სამართლებრივი დასაბუთებულობით, რაც გორის მერიას არ გაუკეთებია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან, საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვასთან ერთად, სამართლებრივად სწორად მოხდეს იმ პროცედურების დაცვა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დადგენილება (N417), სადაც პროცედურები დეტალურადაა გაწერილი. გორის საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს ჩატარდა და 14 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო მობილობის ეტაპი და რაც მთავარია, არ უნდა შექმნილიყო ის კოლაფსი, რომელიც თვთმმართველობაში მუნიციპალიტეტების შერწყმის შედეგად შეიქმნა. ვგულისხმობ იმ პრობლემას, რომ მერიას თანამშრომლები არ ჰყავდა და ვერ მუშაობდა.  ეს არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა. თუ ჩვენ გავაანალიზებთ მერიაში არსებულ ვითრებას, ჩნდება მაღალგონივრული ეჭვი, ხომ არ ხდება პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დანიშვნა?“ – აცხადებს ქეთევან ბებიაშვილი.

ჯერჯერობით, გორის მუნიციპალიტეტში არც ა(ა)იპებ-ის რეორგანიზაცია დასრულებულა. ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეიქმნა ოთხი გამსხვილებული სააგენტო და დაინიშნენ მათი ხელმძღვანელები. სწორედ ამ სააგენტოების შემადგენლობაში უნდა შევიდნენ დღეს არსებული ა(ა)იპ-ები.

სკოლამდელი და სკოლის გარეშე განათლების სააგენტოს ხელმძღვანელად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლია კოვზიაშვილი დაინიშნა; კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მომღერალი გიორგი ნადიბაიძე უხელმძღვანელებს; სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს გიორგი პურიჭამიაშვილი, ხოლო კეთილმოწყობის სააგენტოს – გივი კობახიძე.

ოპოზიცია ამბობს, რომ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციაც პოლიტიკური ნიშნით დასაქმებისთვის ხდება და  მათი გამსხვილება შედეგს ვერ მოიტანს. „ქართულ ოცნებაში“ კი ირწმუნებიან, რომ ამ ორგანიზაციებში დასაქმება არა პოლიტიკური, არამედ კვალიფიციურობისა და  პროფესიონალიზმის ნიშნით მოხდება.

,,ოპტიმიზაციის მიზანია, რომ უფრო მოქნილი და მობილური გახდეს თითოეული ა(ა)იპ“, – აცხადებს გორის მერის მოადგილე ალექსი მარიამიძე.

გორის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, გიორგი ბატონისაშვილმა კი დაადასტურა, რომ ა(ა)იპ-ების გამსხვილება საკადრო რესურსის შემცირებასაც გამოიწვევს.

“მიზანი არის არა გამსხვილება, არამედ ოპტიმიზაცია, ანუ შემცირება არსებული ადმინისტრაციული რესურსისა. თუ, მაგალითად, ცალ-ცალკე არსებობდა ხუთი ა(ა)იპ და ცალ-ცალკე ახორციელებდნენ მათი ფუნქციების ადმინისტრირებას, ამ შემთხვევაში, შეიქმნება ერთი ა(ა)იპ ამ ხუთიდან, რაც, თავისთავად, შემაცირებს ადმინისტრაციულ რესურსს. დაახლოებით 30%-ით შემცირდება, ასევე, საკადრო რესურსი და ეს მოგვცემს საშუალებას, გამოთავისუფლდეს გარკვეული თანხები, რომელიც სხვა საკითხებს მოხმარდება“, – აცხადებს ბატონისაშვილი.

თამარ ედიშერაშვილი

(ა)იპების გაერთიანებით თანხების დაზოგვის პროგნოზი საფუძველს მოკლებულია და რეალურ სურათს ვერ ასახავს“, აცხადებს ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი და მერიას მოუწოდებს, საჯარო გახადოს ფინანსური გეგმა, რომელიც ოპტიმიზაციის გამართლების გარანტი იქნება. ედიშერაშვილი ირწმუნება, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, მერიისგან ეს დოკუმენტი ამ დრომდე ვერ მიიღო.

“ყველაფერი ითვლება წინასწარ. კერძო სექტორშიც და, მით უმეტეს, საბიუჯეტო სექტორში.  ჯერ გადაიხადო გადასახადი და მერე იკითხო, სად წავიდა, ეს არის უკვე სამართლებრივად დანაშაული. ეს ყველაფერი არის წინასწარ გათვლადი და გაზომვადი. ამიტომ რაიმე რეორგანიზაცია, რაიმე რეფორმის დაანონსება ისე, რომ არ დაიდოს ფინანსური შედეგი, არ დაიდოს მისი ეფექტიანობის ანალიზი და კანონთან შესაბამისობის ანალიზი, არ შეიძლება. ეს ელემენტარულად კანონთან შეუსაბამობაა”,   აცხადებს ედიშერაშვილი.

რითი დასრულდება რეორგანიზაციის პროცესი, ამის პროგნოზირება ჯერ კიდევ შეუძლებელია, ისევე, როგორც ის, რა ადმინისტრაციულ რესურსს დაზოგავს მუნიციპალიტეტი, ან დაზოგავს თუ არა საერთოდ, რადგანაც შესაძლოა, საჯარო მოხელეებისა თუ ა(ა)იპ-ების რაოდენობის შემცირება ადმინისტრაციული რესურსის შემცირების პირდაპირპროპორციული სულაც არ იყოს. პროცესის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ იმასაც გავარკვევთ, შეცდა თუ არა გათვლებში ხელისუფლება, რომელიც, ქალაქ გორისა და დანარჩენი 6 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევის სანაცვლოდ, გრანდიოზულ – “მრავალმილიონიან ეკონომიას” გვპირდებოდა.