თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდება

526

თბილისში „საქართველოს პირველი ახალგაზრდული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“ ჩატარდება. ეს ინიციატივა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ეკუთვნის.

თბილისის საკრებულოს ცნობით, საკითხი დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე განიხილეს. პროექტი საკრებულოს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ წარუდგინა და ფორუმის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

”გასულ წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალგაზრდა კანდიდატების ჩართულობა რეკორდულად მაღალი იყო. სწორედ ეს გახდა ახალგაზრდული ფორუმის დაფუძნებისა და მისი რეგულარულად ჩატარების ერთ-ერთი საფუძველი. ფორუმი ჩვენი კომისიის ინიციატივით დაფუძნდა და ორგანიზებას თავის თავზე თბილისის საკრებულო აიღებს“, – თქვა გიორგი ჩაკვეტაძემ.