აუდიტის სამსახური: ინფრასტრუქტურის სამინისტროში თანამშრომლები ყოველთვიურად სახელფასო დანამატს იღებენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ხელფასის გარდა, ყოველთვიური დანამატი აქვს დანიშნული.

აუდიტის სამსახურის ცნობით, ეს გამართლებული პრაქტიკა არ არის. ანგარიშის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, 2016 წელს, თანამშრომლებზე „შრომის ანაზღაურების“ მუხლით 11,818,119 ლარის საკასო ხარჯი გაიცა, მათ შორის, დანამატი 1,909,454 ლარია, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 16.2%-ია.

“ერთი ბრძანების საფუძველზე წინასწარ მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნა თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე დანამატის, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული”, – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

სრული ანგარიში იხილეთ ამ ბმულზე. 

მსგავსი სიახლეები