ლანჩხუთში მდინარე ფიჩორას კალაპოტს წმენდენ

753

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარე ფიჩორას კალაპოტს წმენდენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოები ზედმეტი დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან მდინარის კალაპოტისა და ფერდების წმენდას ითვალისწინებს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭარბი წყლის მოცილების მიზნით ჩატარებული სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა. ფიჩორაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად ჭარბი წყალი 2 900 ჰა მიწის ფართობს მოსცილდა. ამ ტერიტორიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებს.

ბოლო 6 წლის განმავლობაში გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 9 პროექტი განხორციელდა. სამუშაოების შედეგად დამშრალი მიწის ფართობი 1 695 ჰექტარია, ჭარბი წყალი კი 3 520 ჰექტარს მოსცილდა. ამჟამად რეგიონში 4 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რაც რეგიონისთვის დამატებით კიდევ 1400 ჰექტარ დრენირებულ მიწის ფართობს უზრუნველყოფს.