თბილისში სტუდქალაქის კორპუსებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

1142

თბილისში მდებარე სტუდქალაქის საცხოვრებელ კორპუსებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ახლა ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი მიმდინარეობს. შედეგად, 800-მდე ოჯახს შესაძლებლობა ექნება ბუნებრივი აირით ისარგებლოს, მათ შორის 420 დევნილი ოჯახია.

ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

კახა კალაძის თქმით, ამ დასახლების გაზიფიცირება წინასაარჩევნოდ მისი ერთ-ერთი დაპირება იყო. კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს ასევე, მუშაობა საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზე.

“ამჟამად, მიმდინარეობს დაერთების სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, 380 ოჯახია უკვე, ვინც ბუნებრივი აირით სარგებლობს. ჩვენ ვმუშაობთ ასევე, დაკანონების საკითხზე. პროცესი დაწყებულია და დაახლოებით 100 ოჯახი, რომელიც ლტოლვილი არ არის და აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობს, ძალიან მალე საცხოვრებელ ფართებს დავუკანონებთ. განაცხადი შემოსულია, მუშაობა დაწყებულია და პროექტი განხორციელდება“, – თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, გაზიფიცირების ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, დამონტაჟდა სპეციალური გაზის დეტექტორები. გაზის გაჟონვის შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად გაითიშება.

კორპუსების გაზიფიცირება კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ განახორციელა. ოჯახები ბუნებრივი აირით 2018 წლის თებერვლიდან ისარგებლებენ.