ჯო პაუელი: „ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს მეტი პოლიტიკური ნება ვალდებულებების უფრო ეფექტურად შესასრულებლად და სამიტზე ამ პოლიტიკური ნების დეკლარირება მოახდინოს“

1049

 

წინა სტატია

იმისათვის, რომ ქვეყანამ OGP-ის ფარგლებში წარმატებას მიაღწიოს, ძლიერი პოლიტიკური ნება და მყარი საკანონმდებლო ბაზაა საჭირო, ამბობს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მხარდაჭერის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯო პაუელი, რომელიც, კოლეგებთან ერთად, საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად და მეოთხე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის მონიტორინგისთვის ჩამოვიდა.

სამიტს, რომელიც 17-19 ივლისს გაიმართება, 75 ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორ მიმდინარეობს სამიტისთვის მზადება, შეასრულა თუ არა საქართველომ OGP-ის მესამე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები და რა ვალდებულებებს აიღებს სამომავლოდ, ამის შესახებ droa.ge ჯო პაუელს ესაუბრა.

– ბატონო პაუელ, დავიწყოთ ვიზიტის შეფასებით. კმაყოფილები ხართ თუ არა სამიტის მზადების პროცესით და გარდა სამიტის საორგანიზაციო საკითხებისა, რას განიხილავთ საქართველოს ხელისუფლებასთან?

– ამ ვიზიტს ორი მიზანი ჰქონდა. პირველი ის, რომ ჩვენ ვიწყებთ მომზადებას ჩვენი მეხუთე გლობალური ღონისძიებისთვის, რომელიც ივლისში თბილისში გაიმართება. სამიტზე ველოდებით 2 ათასამდე მონაწილეს. ღონისძიებას დაესწრება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი 75 ქვეყნის წარმომადგენელი, მთავრობები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ზოგადად, ადამიანები, რომლებიც ანტიკორუფციული და კარგი მმართველობის საკითხებით არიან დაინტერესებული.

ძალიან შთამბეჭდავი ვიზიტი იყო. ჩვენ შევხვდით იუსტიციის მინისტრს, მინისტრის მოადგილეს, პრემიერ-მინისტრის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ახლა დავბრუნდებით იმისათვის, რომ წინ წავწიოთ სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები. რადგან საქართველო თავმჯდომარე ქვეყანაა, მოლოდინი გვაქვს, რომ ის ძალიან კარგად შეძლებს სამიტის ორგანიზებას.

ჩვენი ვიზიტის მეორე მიზეზი არის ის, რომ საქართველო ამზადებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეოთხე სამოქმედო გეგმას. გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები, რომელზეც განვიხილეთ ის პრიორიტეტები და გეგმები, რომელიც სამოქმედო გეგმაში უნდა იყოს გათვალისწინებული. ასევე, განვიხილეთ წინა სამოქმედო გეგმების გამოცდილება და შევეცადეთ, დაგვეზღვია ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება, მისი შესრულებისას წარმოიშვას.

– კონკრეტულად, რა ვალდებულებებს აიღებს საქართველო მეოთხე სამოქმედო გეგმით და როგორ ფიქრობთ, რამდენად გაართმევს ქვეყანა ამ ვალდებულებების შესრულებას თავს?

– ჩვენ მესამე სამოქმედო გეგმა სპეციალური ანგარიშით შევაფასეთ და მიგვაჩნია, რომ ქვეყანას ძალიან კარგი და წინგადადგმული ნაბიჯები აქვს, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. მაგალითად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნების ვალდებულება, თუმცა, ასევე, ვნახეთ, რომ ამ სამოქმედო გეგმას მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა. მაგალითად, არ შესრულდა ინფორმაციის თავისუფლების კანონის გატანა პარლამენტში.

ამ ვიზიტისას ჩვენ არაერთი საკითხი განვიხილეთ. მათ შორის, ის, რომ სამოქმედო გეგმაში შეიძლება მოხვდეს ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიც არის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. აგრეთვე, მთავრობა ფიქრობს ისეთი ვალდებულებების გათვალისწინებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში. ჩვენ, ასევე, მთავრობას ვთავაზობთ, რომ გაითვალისწინონ OGP-ის სტანდარტებით აღიარებული ვალდებულებები, როგორიცაა, სახელმწიფო ხელშეკრულებების გამჭვირვალე სისტემის ამოქმედება, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მფლობელების შესახებ ინფორმაციის ღიაობა და ა.შ.

– თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოს მთავრობა მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ვალდებულებად იღებს. მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის ყველაზე მეტ შესაძლებლობას ადგილობრივი თვითმმართველობა იძლევა. ფიქრობთ თუ არა, რომ მეოთხე სამოქმედო გეგმაში თვითმმართველობის საკითხები უფრო ფართოდ უნდა მოხვდეს? ჩართულობასთან ერთად, მათ შორის, რეფორმა დეცენტრალიზაციისა და უფლებამოსილებების გაზრდის მიმართულებით? ეს ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

– ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ღია მმართველობის განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი, სადაც OGP-ის განხორციელება ეფექტურად შეიძლება, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობებია. დიდი წინსვლაა ის, რომ თბილისი, 15 სხვა ქალაქთან ერთად, საკმაოდ წარმატებულად ჩაერთო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საპილოტე პროგრამაში. თუმცა, OGP არ უნდა იყოს ერთადერთი მიზეზი, რატომაც უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია, მათ შორის, ფისკალური დეცენტრალიზაცია. ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უნდა გაიზიარონ OGP-ის გამოცდილება და აწარმოონ ღია მმართველობა OGP-ის ფარგლებში თუ მის გარეშე. მთავარია, რომ OGP-ის გამოცდილება პრაქტიკაში დაინერგოს.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს უკვე გამოცდილება, რომლის გაზიარებაც ადგილობრივ ხელისუფლებებს შეუძლიათ.

– თქვენ პრობლემები და მესამე სამოქმედო გეგმით აღებული შეუსრულებელი ვალდებულებები ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ყოფილიყო შეუსრულებლობის მიზეზი და რა მოლოდინები გაქვთ მეოთხე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით?

– წინა სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას ჩვენ კარგი გაკვეთილები მივიღეთ. მესამე სამოქმედო გეგმით 24 ვალდებულება იყო აღებული, რომელიც 2 წელიწადში უნდა შესრულებულიყო, რაც ვთვლით, რომ  ბევრია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სამოქმედო გეგმის განხორციელებისას ქვეყანამ ზომიერი რაოდენობის ვალდებულებები აიღოს. თუმცა, ეს ვალდებულებები შინაარსობრივად უნდა იყოს ამბიციური და ტრანსფორმაციული.

მეორე, რაც ვისწავლეთ, ის არის, რომ ამ ვალდებულებების შესრულებისას წარმოქმნილ ბარიერებს პოლიტიკურად უნდა შევხედოთ. ვალდებულებების შესრულება არ არის მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს საქმე. ამაში ყველა უწყება უნდა იყოს ჩართული, რათა ეს ვალდებულებები შესრულდეს. ახლა საქართველოს სამიტი ელის წინ, ის არის „ღია მმართველობის“ თავმჯდომარე ქვეყანა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გამოიჩინოს მეტი პოლიტიკური ნება ვალდებულებების უფრო ეფექტურად შესასრულებლად და ამ პოლიტიკური ნების დეკლარირება, მათ შორის, სამიტზე მოახდინოს. იმედი მაქვს, რომ სამიტზე მოხდება პოლიტიკური ნების დეკლარირება, რომ მეოთხე სამოქმედო გეგმა ეფექტურად შესრულდეს.

– ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მიმართ იზრდება კრიტიკა. რომელიც, უმეტესად, სწორედ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ეხება. ამასთან, ხშირად ესა თუ ის რეფორმა თუ შერულებული ვალდებულება ფორმალურ ხასიათს იძენს. თუ არსებობს მექანიზმი, რომ ქვეყნის მიერ შერულებული ვალდებულებები ამ ფორმალობას გასცდეს და რეალურად ვხედავდეთ მის შედეგებს?

– ეფექტურობის გაზრდისთვის ორი მექანიზმი არსებობს. პირველი არის მოქალაქეთა ჩართულობა. სამოქმედო გეგმით ქვეყნები ხშირად იღებენ ისეთ ვალდებულებებს, რომელიც ეხება ინფორმაციის ერთჯერადად გახსნას, ვებპლატფორმების გაშვებას, მაგრამ ასეთი რეფორმა არ არის ეფექტური, თუ მართლაც საზოგადოების ჩაართულობა არაა უზრუნველყოფილი და თუ რეფორმა გრძელვადიანი არ არის.

მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ის არის, რომ უნდა შეიქმნას ეფექტური საკანონმდებლო ბაზა, რომელსაც შემდგომში სასამართლოები აღასრულებენ. ჩვენ ვერ ვიქნებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ისეთი საკითხები, როგორიც არის, მაგალითად, კომპანიების მფლობელების შესახებ ინფორმაციის გახსნის საკითხი, პირდაპირ არის დაკავშირებული ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებთან ბრძოლასთან, როგორიცაა ტრეფიკინგი, ნარკოტიკები, ტერორიზმი და ა.შ. ამიტომ მისი გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამას სჭირდება მყარი პოლიტიკური ნება და ძალიან მაღალი ხარისხის საკანონმდებლო ბაზა, იმისათვის, რომ ამ სფეროში რეფორმა მართლაც განხორციელდეს. ამიტომ საბოლოოდ შევაჯამებ და ორ მექანიზმზე გეტყვით: უნდა გაძლიერდეს საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შეიქმნას მყარი სამართლებრივი მექანიზმები რეფორმების გასატარებლად.

– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა სარგებელს უნდა ელოდოს საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტისგან?

– იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში მთავრობების მიმართ ნდობა ნელ-ნელა მცირდება და დემოკრატია კრიზისშია, ვფიქრობთ, რომ ეს სამიტი იქნება საქართველოს წარმოჩენის ძალიან კარგი შესაძლებლობა, სადაც ქვეყანა აჩვენებს, რომ მას ჰყავს სამოქალაქო საზოგადოება, აქვს საჯარო სივრცე და მხარს უჭერს დემოკრატიას.

საქართველოს შეუძლია, გახდეს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ამ ფორუმზე გააკეთოს იმის დეკლარირება, თუ რამდენად გახსნილია და რამდენად ეფექტური რეფორმების გატარებას აპირებს მომავალში.

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის და ძალიან კარგი მაგალითი სხვა ქვეყნების ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის. ამიტომ თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს სამიტი არა მხოლოდ იმისთვის, რომ აჩვენოთ თქვენი სახე, თუ როგორი ერთგული ხართ დემოკრატიის, არამედ გამოიყენოთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გახსნილი პოლიტიკა აწარმოოთ და წარსდგეთ მსოფლიოს წინაშე, როგორც გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მქონე ქვეყანა.