ზაქარია ქუცნაშვილი: რეფორმების მხრივ მიმდინარე წელი ყველაზე პროდუქტიული იქნება

442

საკანონმდებლო რეფორმების გატარების მხრივ 2013 წელი ყველაზე პროდუქტიული იქნება.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ქუცნაშვილმა დეტალურად ისაუბრა საგაზაფხულო სესიის ძირითადი სამუშაო მიმართულებების შესახებ და აღნიშნა, რომ სწორედ ეს პერიოდი იქნება იმ ოთხი ძირითადი რეფორმის დასაწყისი, რომლის გატარებასაც მმართველი გუნდი გეგმავს.კერძოდ, საუბარია თვითმმართველობის რეფორმაზე, ასევე კონსტიტუციის, საარჩევნო სისტემისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმაზე.

ქუცნაშვილის თქმით, მედიის მიმართულებაში არ იგულისხმება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნა .საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება ბეჭდური მედიის დაბეგვრის კუთხითაც,ასევე, მედიასაშუალებებში დასაქმებულთა შრომით საკითხებთან მიმართებაში და სასამართლო პროცესების ჟურნალისტებისთვის გახსნასთან დაკავშირებით.

ქუცნაშვილმა თვითმმართველობის რეფორმებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს გადაწყდება იქნება თუ არა თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელების პოსტები არჩევითი იქნება.იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო ცვლილება მოხდება, მომავალ წელს თვითმმართველობების არჩევნები გაიმართება.

ამასთან, მიმდინარე წელს მოხდება საარჩევნო სისტემის ფორმირება, დარეგულირდება სიებთან, რესურსებთან, რეკლამასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული მიმართულებები და აქვე დასძინა,რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ახალი საარჩევნო სისტემით გაიმართება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, 2013 წლის ერთ-ერთი მთავარი რეფორმა საკონსტიტუციო მოდელზე შეთანხმება იქნება. მისივე თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებასთან ერთად საბოლოოდ ჩამოყალიბდება სახელმწიფო მმართველობის ფორმირებასთან დაკავშირებით და ამავე დოს განისაზღვრება, როგორი ტიპის ქვეყანა იქნება საქართველო : საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ შერეული ტიპის მმართველობის.

 წყარო: epn.ge