თბილისის მერიამ, სამშენებლო დარღვევების გამო, 54 ობიექტზე მშენებლობა შეაჩერა, 200-ზე მეტი ობიექტი კი გააფრთხილა

2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით, სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო თანხის მთლიანი ოდენობა 627 000 ლარს შეადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს მიეცა და 54 ობიექტზე მშენებლობა შეჩერდა.

“სამშენებლო დარღვევების სტატისტიკა მართლაც შემაშფოთებელია, რასაც ჩვენი ზედამხეველობის სამსახური ყოველდღიურად აწყდება. 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით, სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ზეპირსიტვიერი გაფრთხილება 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს მიეცა. უსაფრთხოების ნორმებისა და სამშენებლო პროექტის დარღვევებზე დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 126 ობიექტის მიმართ. დარღვევით მიმდინარე სამუშაოების გამო შეჩერდა 54 ობიექტი. სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო თანხის მთლიანი ოდენობა 627 000 ლარს შეადგენს. ძალიან საგანგაშოა ეს ციფრები, რომელიც წარმოვადგინე. ჩვენ არავითარ შემთხვევაში თავი არ უნდა დავუხაროთ ამ გამოწვევებს., პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, ვინც კონკრეტულ მშენებლობებზე მუშაობს. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ მიწები მიიტაცონ და უკანონო მშენებლობები აწარმოონ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გიორგი ბაგრატიონს, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვოს არც ერთი სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი,”- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები