მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად პატარა ქალაქებში აფასებენ

1403

წინა სტატია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, არსებული მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად პატარა ქალაქებში აფასებენ. აქ მცხოვრები გამოკითხული მოსახლეობის 45% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, მაშინ, როცა მთავრობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი გამოკითხული მოსახლეობის რაოდენობა დიდ ქალაქებში 40%, ხოლო დედაქალაქში 32%-ია.

პატარა ქალაქებში მთავრობის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა მხოლოდ 7%-ია, დიდ ქალაქებში – 9%, ხოლო თბილისში – 10%. მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს პატარა ქალაქებში მცხოვრები, გამოკითხვაში მონაწილე მოსახლეობის 45%, დიდ ქალაქებში – 48%, ხოლო დედაქალაქში – 56%.

რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, გამოკითხულთა 58% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 28% – ცუდად, ხოლო 12% – კარგად.

კმაყოფილების ყველაზე მაღალი დონე უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებშია. აქ გამოკითხულთა 34% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, 17% – უარყოფითად, ხოლო 43% – საშუალოდ.

ჯამში, ეროვნული მასშტაბით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 53% – საშუალოდ, 13% – დადებითად, ხოლო 32% უარყოფითად აფასებს. 2%-მა კი არ იცის, როგორ საქმიანობს მთავრობა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

იხილეთ კვლევა სრულად