კახა კალაძე: თბილისის მერიაში თებერვლის ბოლოს რეორგანიზაციის პროცესი დასრულდება და ზუსტად გვეცოდინება, ვინ დარჩება და ვინ – წავა

707

წინა სტატია

თბილისის მერიაში თებერვლის ბოლოს დასრულდება რეორგანიზაციის პროცესი და ზუსტად გვეცოდინება თუ ვინ დარჩება და ვინ წავა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის და სტრუქტურული ცვლილებების თვითმიზანი კადრების შემცირება არ არის.

“ჩვენი თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება. ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი. მთავარია კომპეტენტურობა და პატიოსნება. თებერვლის ბოლოს სრულდება რეორგანიზაციის პროცესი და ზუსტად გვეცოდინება ვინ დარჩება და ვინ წავა”,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილებების პროექტის განხორციელების გარეშე შეუძლებელია იმ საარჩევნო პროგრამის შესრულება, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას წარადგინა.

“დღეს წარმოვადგინეთ მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია. როდესაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო მართვის პოლიტიკა. შეუძლებელია იმ პროგრამის განხორციელება, თუ არ იქნა სწორი და ეფექტური მართვა. ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა თბილისის მერიაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამ და დამატებითი რეორგანიზაციული ცვლილებებით, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა დამთავრდეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი აუცილებლად გავხადოთ სიცოცხლით სავსე ქალაქი”,- განაცხადა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი