კვირიკაშვილმა პარლამენტში დეცენტრალიზაციის 10-წლიან გეგმაზე ისაუბრა

1732

უახლოეს მომავალში წარვდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლემენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” აცნობს.

მისი თქმით, ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატეგიული ხაზია და აქვე განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი 10 წელს გასტანს.

“ჩვენ, საპარლამენტო კოლეგებთან ერთად, უახლოეს მომავალში წარვდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ კიდევ უფრო მეტ დეცენტალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას. ასევე, ჩვენ გვინდა, ფინანსების განაწილების დროს რეგიონებს გაცილებით მეტი დაფინანსება ჰქონდეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო კვალიფიციური ადამიანური რესურსი იქნას მოზიდული და ადგილზე კიდევ უფრო მოცულობითი პროექტები განახორციელონ. საჭიროებები, რომელიც რეგიონებში არსებობს, ყველაზე კარგად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იციან. თითქოს ეს ბანალური შეჭმარიტება საკმაოდ რთულია განსახორციელებლად. გვექნება 10-წლიანი სტრატეგია, თუ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ გავზარდოთ მშპ-ში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რათა ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების მიმართულებით აბსოლუტურად ევროპულ დონეზე ავიდეთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

droa.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტი უკვე მზად აქვს და ის, დაპირების მიუხედავად, კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე მომზადდა.

როგორც გავარკვიეთ, სტრატეგია სამ მიმართულებას მოიცავს: ფისკალურ დეცენტრალიზაციას, მუნიციპალიტეტებისთვის გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირებასა და კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას ადგილობრივ დონეზე.