გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა

1366

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხდა, რომ შემოთავაზება უწყების ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მხრიდან მიიღო და ახალ თანამდებობაზე მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ლილუაშვილის დანიშვნის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწტყვეტას, საკანონმდებლო ორგანო კენჭს მომდევნო სასესიო კვირაში უყრის.

ლილუაშვილის ძალოვან უწყებაში გადასვლის შესახებ ინფორმაცია კულუარულად რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა, ამ დრომდე დადასტურებული არ იყო.

ლილუაშვილი პარლამენტის წევრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა. ის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში შევიდა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” არაერთი ის ცვლილება, რომელსაც სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები ნეგატიურ შეფასებას აძლევენ, მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება, რომელსაც ლილუაშვილი, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, რეფორმის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებდა.