“მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებას არ ენდობა” – რატომ არ იზრდება თვითმმართველობების შემოსავლები

1906

მიწა, ქონება, ტყე, ბუნებრივი რესურსების განკარგვიდან და მართვიდან მიღებული შემოსავლები და საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან შემოსავალი – ის მთავარი წყაროებია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს უნდა ავსებდეს, თუმცა, რეალობა განსხვავებულია.

სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, მუნიციპალიტეტებს კი ეკუთვნით, მაგრამ, რეალურად, არ ეკუთვნით და მათი დიდი ნაწილი სახელმწიფო, ანუ ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაშია. ამიტომაც ამ გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები ძალიან მწირია. ტყის ფონდი და ბუნებრივი რესურსების განკარგვაც სრულად ცენტრალიზებულია. მოსაკრებლებიდან მუნიციპალურ ბიუჯეტში შესული თანხაც მინიმალურია. საშემოსავლო გადასახადიდან კი, თუ მეწარმე ფიზიკური პირებს არ ჩავთვლით, მუნიციპალიტეტებს შემოსავალი საერთოდ არ აქვთ. ამიტომაც, ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთარი შემოსავლები იმდენად დაბალია, რომ მათ, ცენტრალური ბიუჯეტის დახმარების გარეშე, საქმიანობა, პრაქტიკულად, არ შეუძლია.

საშემოსავლო გადასახადის მუნიციპალიტეტში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2017 წლამდე უნდა მიეღო, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე მთავრობას ამ დრომდე მსჯელობაც კი არ დაუწყია.

“მიუხედავად იმისა, რომ „თვითმმართველობის კოდექსში“ დღესაც ჩადებულია ვალდებულება, რომ ფინანსთა სამინისტროს 2017 წლამდე უნდა მოეწესრიგებინა ეს საკითხი, მაინც ჯერ გადაწყვეტილი არ არის. რატომ არის საშემოსავლო გადასახადის დატოვება მნიშვნელოვანი? ეს არის მასტიმულირებელი გადასახადი. დღეს სამუშაო ადგილი რომ შეიქმნება, იქიდან მუნიციპალიტეტს არაფერი რჩება. როგორც კი ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადს დაუტოვებ მუნიციპალიტეტს, ის დაინტერესებული გახდება მეტი სამუშაო ადგილის შექმნით. ამით დღეს ფინანსური მოგება აქვს ცენტრალურ ბიუჯეტს და არა მუნიციპალიტეტს. საშემოსავლო გადასახადის დატოვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი თავად ხდება დაინტერესებული ეკონომიკურ განვითარებაში და ეცოდინება, რომ შექმნილი თითოეული სამუშაო ადგილიდან გადასახადი მას შეუვა და, შესაბამისად, მის ეკონომიკურ წინსვლას მოხმარდება. “- აცხადებს ექსპერტი ირაკლი მელაშვილი.

სუსტი და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მუნიციპალიტეტის დაფინანსების ძირითადი წყარო გათანაბრებითი ტრანსფერია, რომელიც, წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით, ითვლება და მუნიციპალიტეტებს უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხებათ.

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ დაფინანსების ეს სქემა თვითმმართველობებს აზარალებს, რადგან ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე მუნიციპალიტეტებს განვითარების პერსპექტივა არ აქვთ.

“მუნიციპალიტეტის სიძლიერე და სისუსტე პირდაპირ არის დაკავშირებული მის ეკონომიკურ შესაძლებლობებთან. ფინანსები და ქონება – ამ ორ ნაწილში უნდა მოხდეს ფისკალური დეცენტრალიზაცია. მუნიციპალიტეტებს, უფლებამოსილების განსახორციელებლად, საკმარისი ქონება და ფინანსები უნდა ჰქონდეთ. ეს, ჩემი აზრით, უნდა იყოს მთავარი პრინციპი. როდესაც დაფინასნების ძირითადი წყარო ტრანსფერია, ეს იწვევს განვითარების დაბალ მოტივაციას და ფინანსურ დამოკიდებულებას. ანუ რაც უფრო ნაკლები გაქვს შემოსავალი, გარანტიებულად მეტ ფულს მიიღებ ტრანსფერის სახით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გათანაბრებითი ტრანსფერის სახე უნდა იყოს შედარებით შემცირებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, იმიტომ, რომ ეს არის ბერკეტი ცენტრალური ხელისუფლების ხელში, აკონტროლოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა”, – აცხადებს “მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი კოკა კიღურაძე.

ექსპერტები ამბობენ, რომ შემოსავლის წყარო ბევრია, ამ წყაროებიდან შემოსული შემოსავლები კი იმდენად ცოტა, რომ ამით მუნიციპელიტეტები ბიუჯეტს ვერ შეივსებენ.

“მუნიციპალიტეტის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია მიწის გადასახადი. ასევე, მოსაკრებლები ბუნებრივი რესურსებიდან. ბუნებრივი რესურსების ნაწილი აბსოლუტურად მოუგვარებელია ჩვენთან, იმიტომ რომ ყველაფერი არის ცენტრალიზებული და მუნიციპალიტეტს ეს ქონებები არ გააჩნია. ამ ქონების ექსპლუატაციის შედეგად, ძალიან ბევრი შემოსავლის მიღება შეუძლია მუნიციპალიტეტს. დღეს ჩვენ ვართ აბსურდულ სიტუაციაში. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გზა ჩაინგრა. გამგებელი იძულებული გახდა, მდინარიდან ხრეში ამოეღო და დაზიანებული გზა გაეკეთებინა, რადგან სოფლები მუნიციპალიტეტს მოწყვეტილი იყო. სამინისტრომ დააჯარიმა გამგეობა იმ მოტივით, რომ ჩვენთვის უნდა მოგემართათ, კარიერის ნებართვა გაგვეცა და მხოლოდ შემდეგ გაგეკეთებინათო. ანუ რამდენიმე თვე სოფელი, აი, ამ ბიუროკრატიული ბარიერების შედეგად, გარესამყაროს მოწყვეტილი უნდა დარჩენილიყო. ასე გვაქვს მოწყობილი ჩვენ სისტემა, მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში არსებობს ცეტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსები. იგივე ხდება ტყეზე, საბჭოთა კავშირის დროსაც კი არსებობდა საკოლმეურნეო ტყეები, საიდანაც მოსახლეობა შეშით მარაგდებოდა. დღეს ტყე არის აბსოლუტურად ცენტრალიზებული და მუნიციპალიტეტს არანაირი შეხება არა აქვს. ეს ყველაფერი კეთდება “ეკოლოგიის დაცვის” სახელით. ტყუილია ის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებზე მეტად სამინისტროში მჯდომი ჩინოვნიკია დაინტერესებული ტყის დაცვით. სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის ცენტრალური ხელისუფლების მცდელობა, სრულად გააკონტროლოს ქვეყანაში არსებული ყველანაირი რესურსი და არავის გაუნაწილოს ამ რესურსით სარგებლობის უფლება. ეს არის ჩვენი ხელისუფლების უბედურება, რომ მუნიციპალიტეტს იმ რესურსებს არ აძლევს, რაც, წესით, მას უნდა ეკუთვნოდეს, საიდანაც შემოსავალი უნდა მიიღოს და შემდეგ ამ შემოსავლებით დაკისრებული მოვალეობები განახორციელოს. არადა, ადგილობრივი თვითმმართველობა ამ რესურსებს ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყენებსდა”, – აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

ამ საკითხების გადაუწყვეტელობა პრობლემებს უქნის მუნიციპალიტეტების გამართულ ფუნქციონირებას და აკლებს შემოსავლებს მუნიპალიტეტების ბიუჯეტებს.

“ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები ჯერ კიდევ აღჭურვილი არიან უამრავი რუტინული ფუნქციით, რომელთა დელეგირება თვითმმართველობაზე ბევრად უფრო ეფექტურს გახდიდა მათ გახორციელებას, ამასთან, დელეგირების მექანიზმი დაუტოვებდა ცენტრალურ ხელისუფლებას ამ სფეროებში პოლიტიკის შემუშავების და მუნიციპალიტეტების მიერ ამ უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელებაზე მონიტორინგის შესაძლებლობას. ” – ამბობს ირაკლი მელაშვილი.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ჩინოსნებს არ ენდობა. 

„ცენტრალური ხელისუფლება უნდა ენდოს მუნიციპალიტეტებს, რომ მათ ანდოს იქ არსებული ქონება განსაკარგავად, ადგილზე მომუშავე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს მისცეს მეტი შესაძლებლობა, გამოიყენონ ეს ქონება და  ჩააბან ეკონომიკურ აქტივობაში. ხშირ შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლება ვერც თვითონ იყენებს ამ ქონებას და არც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აძლევს ამის გამოყენების რეალურ ბერკეტებს”, – აცხადებს კოკა კიღურაძე.