ვინ იქნებიან თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები

808

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. საქალაქო სამსახურების უფროსების ნაწილმა თანამდებობა შეინარჩუნა, ნაწილი კი ახალია. მან მადლობა გადაუხადა თბილისის მთავრობის ძველ წევრებს და იმედი გამოთქვა, რომ საათის მექანიზმივით აწყობილი სამსახურები მთლიანობაში მერიის ეფექტური მუშაობას უზრუნველყოფენ.

მერიის ადმინისტრაციის უფროსად ვლადიმერ ჭიღლაძეა წარდგენილი. ის მანამდე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსად სერგო ბირკაძეა წარდგენილი. საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსად – გაიოზ თალაკვაძე, რომელიც ნარმანიას მთავრობაშიც ამავე პოზიციაზე საქმიანობდა. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უხელმძღვენელებს გიორგი ბაგრატიონი. ბაგრატიონი თბილისის წინა მთავრობის დროს ჯერ “თბილსერვის ჯგუფის” ხემძღვანელი, შემდეგ კი სამგორის რაიონის გამგებელი იყო.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსად კვლავ წარდგენილია გელა ჩივიაშვილი, რომელიც ამავე პოსტზე ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად კალაძემ სოფიო ხუნწარია წარადგინა. ის ამ პოსტზე ია მაქაცარიას შეცვლის.

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად კვლავ ირაკლი გვილავაა წარდგენილი, ისევე, როგორც არ შეცვლილა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ამ პოსტზე კალაძემ კვლავ მამუკა მუმლაძე წარადგინა.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს გიგა გიგაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო შესყიდვების საქალაქო სამსახურს – გიორგი პაპავა.

არ შეცვლილა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსიც – ამ თანამდებობაზე კვლავ გივი კუბლაშვილია წარდგენილი. უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს ნუგზარ ჭონქაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს – ანდრია ბასილაია.

კახა კალაძემ, ასევე, განაცხადა, რომ დაგეგმილია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის რეფორმაც.

დღესვე, დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგებლები წარადგინა.

თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.