პარლამენტის წევრის მიერ მერისთვის გადაცემული “მერობის სერტიფიკატი” – ვინ არიან მუნიციპალიტეტების რეალური მმართველები

1127
დეპუტატი ენზელ მკოიანი და ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი; ფოტო: jnews.ge

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიაში საქართველოს პარლამენტის თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს მიეცილებინათ, თანამშრომლები გაეცნოთ და ქალაქში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრათ. ცხადია, გაიკვირვებდით და იტყოდით, რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობასთან არაფერი ესაქმებათ. შესაძლოა, მათი ქმედება ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩარევის მცდელობადაც შეგეფასებინათ.

კალაძეს მერიაში წინამორბედი მერი ნარმანია დახვდა, თანამშრომლები წარუდგინა, მერიის შენობა დაათვალიერებინა და სტრუქტურა გააცნო – ამით დასრულდა წარდგენის ოფიციალური ნაწილი.

ძველმა მერებმა ახლებს უმასპინძლეს ზუგდიდში, ქუბულეთსა თუ სხვა მუნიციპალიტეტებშიც, თუმცა, იყო არაერთი შემთხვევა, როცა ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები – მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერები თანამშრომლებს საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარუდგინეს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ეს ფუნქცია მხარის გუბერნატორებმა იკისრეს.

მაგალითად, დმანისის მერი პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა მიიყვანა მერიაში. ალბათ, გახსოვთ, თვითმმართველობის არჩევნების წინ მოქმედი გამგებელი და “შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატი გოგი ბარბაქაძე ოქრიაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებდა. ის, ასევე, ამბობდა, რომ პარლამენტის წევრმა გადაწყვიტა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი დმანისში და, შესაბამისად, მომდევნო მერი მუნიციპალიტეტში. საპასუხოდ ოქრიაშვილმა თქვა, რომ ბარბაქაძე გაქნილი ინტრიგანია და არ უნდა, ”ქართული ოცნებიდან” მან იყაროს კენჭი. მართლაც გადაწყვიტა თუ არა დეპუტატმა, ვინ იქნებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელად წარდგენილი კანდიდატი, ამაზე პასუხი დღემდე არც ოქრიაშვილს გაუცია და არც – მმართველ პარტიას.

მერებს თანამშრომლების გასაცნობად პარლამენტის წევრები სხვა მუნიციპალიტეტებშიც მიყვნენ. მაგალითად, ნინოწმინდის ერთადერთ ქალ მერს, ანივარდ მოსოიანს “მერის სერტიფიკატი” (საარჩევნო ადმინისტრაციის შემაჯამებელი ოქმი) პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა საზეიმო ვითარებაში, თანამშრომლებთან წარდგენისას გადასცა, არადა, ამავე შეხვედრაზე საოლქო კომისიის თავმჯდომარეც იმყოფებოდა.

ახალციხეში, ახალი მერის წარდგენისას, მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ კი განაცხადა: „მოვედით, რომ ბატონ ვლადიმერს მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამუშაოსათვის და წარვადგინოთ ხალხის მიერ ახლად არჩეული მერი, რომელიც თავის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. ზაზა მელიქიძეს ხალხის დიდი ნდობა აქვს და ეს მიღებული ხმათა რაოდენობითაც დამტკიცდა. იმედი მაქვს, რომ ხალხის ნდობას ბოლომდე გაამართლებს“.

მერის პირველ სამუშაო დღეს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების გარეშე არ ჩაუვლია რუსთავში, მარნეულში, თეთრიწყაროში, გარდაბანსა და სხვა, არაერთ მუნიციპალიტეტში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერების ნაწილის წარდგენა გუბერნატორებმა ითავეს. ამ მხრივ განსაკუთრებით სამეგრელოსა და ქვემო ქართლის გუბერნატორებმა იაქტიურეს.

გასაკვირი იქნებოდა, რომ არ დასწრებოდნენ, – ასე აფასებენ ექსპერტები პარლამენტის წევრების მონაწილეობას მერის წარდგენის პროცესში და ფიქრობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობას, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუტს, არ აღიარებს.

“ეს არის სიმბოლური დადასტურება თვითმმართველობისადმი დამოკიდებულებისა და აღქმისა, თუ როგორ ესმით ცენტრალურ და თავად ადგილობრივ ხელისუფლებას თვითმმართველობა. რეალურად, თვითმმართველობა, როგორც პარლამენტისგან, ისე მთავრობისგან, სრულად დამოუკიდებელი და გარკვეულ საკითხებში თანასწორი ინსტიტუტია, თუმცა, ჩვენი პოლიტიკური ტრადიციების გათვალისწინებით, ადგილობრივ თვითმმართველობას ყველა აღიქვამს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურულ ერთეულს და გაგრძელებას ადგილებზე. ეს არის დიაგნოზი ჩვენი დემოკრატიისა და დამოკიდებულებისა დამოუკიდებელი ინსტიტუტებისადმი”, – აცხადებს ექსპერტი ლევან ალაფიშვილი.

მაჟორიტარების ადგილობრივ საქმეებში ჩარევის ერთ-ერთი მაგალითი ოზურგეთში საარჩევნოდ განვითარებული მოვლენებია, როდესაც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მისამართით ნეგატიურ განცხადებებს ყოველდღიურად აკეთებდა. მას შემდეგ კი, რაც შარაშენიძე მეორე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდა, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, თალაკვაძე, გუბერნატორ ჭანუყვაძესთან ერთად, საკრებულოს წევრებთან შეხვედრებს მართავს და იმ დეპუტატების გადაბირებას ცდილობს, რომლებიც შარაშენიძის მომხრედ მოიაზრებიან.

თავად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ცენტრალური ხელისუფლებისგან გამიჯვნას დიდად რომ არ ცდილობენ, ამის ნათელი დადასტურება ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელიაა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობის წევრებს სრულ მორჩილებას ჰპირდებოდა. კურდღელია დღეს უკვე ფოთის მერია და თვითმმართველ ქალაქს 4 წლის განმავლობაში უნდა უხელმძღვანელოს. ამ განცხადების შემდეგ მისი დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბარიც კი, ვფიქრობთ, ზედმეტია.

ის, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში უხეშად ერევიან, არახალია. მაჟორიტარებთან შეუთანხმებლად არ შეირჩევიან მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები, მათთან შეთანხმების გარეშე არ ხორციელდება საკადრო გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტებში, არ დგება ადგილობრივი ბიუჯეტები, არ ხორციელდება კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები. ზოგ შემთხვევებში კი, ამ და სხვა, უფრო მსხვილი პროექტების ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები სწორედ მაჟორიტარებთან დაკავშირებული კომპანიებია.

ეს არის მთელი ჯაჭვი, რომელიც თვითმმართველობებს რეალურ დამოუკიდებლობას უკარგავს, ხოლო მაჟორიტარ დეპუტატებს ადგილებზე რეალურ ძალაუფლებას სძენს. სწორედ ამით იყო გამოწვეული მაჟორიტართა ამბოხიც, როდესაც დღის წესრიგში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი დადგა.

“გასულმა კონსტიტუციურმა პროცესმა და მაჟორიტარების ამბოხმა, ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში საჯაროდ გაცხადებულმა დაპირისპირებამ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ნათლად წარმოაჩინა ის მახინჯი სურათი, რაც გვაქვს. ასევე წარიმართა წინასაარჩევნო კამპანია და გვახსოვს, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში პარლამენტის მაჟორიტარი წევრები იყვნენ საარჩევნო პროცესების წარმმართველები და ზოგჯერ შტაბის უფროსებიც. მაჟორიტარებს კონკრეტული მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი აქვთ საკუთარ სამფლობელოდ. ამ პირობებში მერები და საკრებულოს წევრები, ბუნებრივია, მათდამი გრძნობენ ანგარიშვალდებულებას და სწორედ ამის დადასტურებაა ფოთის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ისტორიას შემორჩება, რომ ის მაქსიმალურად შეერწყმება ცენტრალურ ხელისუფლებას”, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

რისი დემონსტრირება მოახდინეს მერების პირველ სამუშაო დღეზე დასწრებით მაჟორიტარებმა? ცხადია, იმის, რომ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას მკაფიოდ აგრძნობინონ, რომ ისინი არიან მუნიციპალიტეტების რეალური მმართველები და თვით პირდაპირი წესით არჩეული მერების უფროსებიც კი.