თბილისის მერმა მოადგილეები წარადგინა – ვინ დარჩა და ვინ დაემატა ამ პოსტზე

1080

თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ ხუთი მოადგილე წარადგინა. ხუთიდან ოთხი მოადგილე ახალია, ხოლო ერთმა, დავით ნარმანიას მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა მერის მოადგილის პოსტი შეინარჩუნა.

კალაძის გადაწყვეტილებით, ვიცემერი იქნება ირაკლი ხმალაძე – ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. ის კალაძის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო.

კალაძის მოადგილე იქნება, ასევე, მაია ბითაძე – გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც წინასაარჩევნოდ კალაძის გუნდს შეუერთდა.

კიდევ ერთი მოადგილის პოსტს ირაკლი ბენდელიანი ჩაიბარებს. კალაძის თქმით, მას ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების დიდი გამოცდილება აქვს.

მერის მოადგილის პოსტს ინარჩუნებს გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც ბოლო ერთი წელია, ამ პოსტზე მუშაობს.

მეხუთე მოადგილედ კალაძემ ენერგეტიკის მოქმედი მინისტრი ილია ელოშვილი დაასახელა. ის კალაძის გუნდს საქართველოს მთავრობის ოპტიმიზაციის შემდეგ შეუერთდება. როგორც ცნობილია, ენერგეტიკის სამინისტრო უქმდება და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთიანდება.

დედაქალაქის მერის ცნობით, საქალაქო სამსახურების უფროსებს ის უახლოეს დღეებში წარადგენს.