თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

თბილისის ახლად არჩეული, მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება. პირველივე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურებს უყრიან კენჭს.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძეა წარდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – გიორგი ახვლედიანი, მოადგილეებად კი მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

რაც შეეხება კომისიებს, საკრებულოში რეორგანიზაციაა დაგეგმილი. კერძოდ: ადამიანის უფლებების დაცვის კომისია და იურიდიულ საკითხთა კომისია გაერთიანდება, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას ტრანსპორტის საკითხები გამოეყოფა და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.

“ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკვე არსებულ კომისიებს უხელმძღვანელებენ: სარევიზიო კომისია – რიმა ბერაძე; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია – გიორგი ბირბიჩაძე; განათლებისა და კულტურის კომისია – თამარ ტალიაშვილი; იურიდიული საკითხთა კომისია – ლევან ჟორჟოლიანი; ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია – რევაზ სოხაძე; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია – გიორგი ჩაკვეტაძე;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას, მის იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანებამდე, უხელმძღვანელებს თედო ისაკაძე, რომელიც შემდგომში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს;

გარემოს დაცვის კომისიას ერეკლე კუხიანიძე უხელმძღვანელებს; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიას – ოთარ გრიგოლია; სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას – თინათინ ნიბლოშვილი; ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას – ირაკლი ზარქუა; მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კი ანა ლაშხი.

ცნობილია, თუ ვინ იქნება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც. ამ თანამდებობას ბექა დავითულიანი დაიკავებს.

21 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით, თბილისის საკრებულოს 15 მანდატი – “ქართულმა ოცნებამ”, 5 მანდატი – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, 3 მანდატი – “ევროპულმა საქართველომ”, ხოლო 2 მანდატი “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღეს. რაც შეეხება მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებს, ცესკოს საბოლოო მონაცემებით, 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს. თბილისის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” 40 წევრი, 3 ოპოზიციური პარტიას კი ჯამში 10 დეპუტატი ეყოლება.

მსგავსი სიახლეები