ნარმანიამ კალაძეს კაბინეტი გადააბარა

1768
თბილისის ყოფილი და მოქმედი მერები - დავით ნარმანია და კახა კალაძე

თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ ახალ მერს, კახა კალაძეს კაბინეტი გადააბარა. დღეს დილიდან კახა კალაძე მერიაში მივიდა, სადაც მას ნარმანია დახვდა, შენობა დაათვალიერებინა და თანამშრომლები გააცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავადროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს, თუ რამდენია გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო. გუნდთან ერთად, მერიის თანამშრომლებთან ერთად, შევძლებთ იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც დღეს ქალაქშია“, – განაცხადა მერიაში მისულმა კალაძემ.

ყოფილმა მერმა ახალ მერს და მერიის თანამშრომლებს წარმატება უსურვა. “დღეიდან ახალი მერი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას და გადაიბარა თბილისის მერია. მინდა, წარმატებები ვუსურვო. ასევე, ვუსურვებ, რომ ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი და პროგრამა გააკეთოს, რაც თითოეული მოქალაქისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი. ეს 3 წელი და 3 თვე ძალიან დატვირთული იყო გამოწვევებით. ქალაქში არსებობდა უამრავი პრობლემა, რომელთა ნაწილი ჩვენი აქტიური მუშაობით და ძალისხმევით დაძლეულია. თუმცა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დღემდე რჩება გამოწვევად. ახალ მერს თავის პროგრამაში ყველაფერი სათანადოდ აქვს წარმოდგენილი. ასევე წარმატებებს ვუსურვებ მერიის თანამშრომლებს. ვინც დარჩება თბილისის მერიაში, წარმატებებს ვუსურვებ, ვინც არ დარჩება და ჩემთან ერთად აქტიურად მუშაობდა, დაწყებული პირველი დღიდან, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა “,- განაცხადა ნარმანიამ.

კახა კალაძე დედაქალაქის მერად თბილისის მოსახლეობამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 4 წლის ვადით აირჩია. დედაქალაქის ძველ მერთან ერთად, უფლებამოსილება შეუწყდათ თბილისის მთავრობის წევრებსაც – მერის მოადგილეებს, რაიონის გამგებლებსა და საქალაქო სამსახურის უფროსებს. როგორც კალაძემ თქვა, თავის მოადგილეებს ის დღეს 15:00 საათზე წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობებს დაიკავებენ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხმალაძე, გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე და თემურ ბოლოთაშვილი.

რაც შეეხება გამგებლებს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, დედაქალაქის ახალი მერი მათ მომდევნო დღეების განმავლობაში წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, გამგებლის პოსტებს შეინარჩუნებენ კრწანისის, დიდუბისა და ნაძალადევის გამგებლები.