საიას დამკვირვებლებმა ამ დროისთვის 2 საჩივარი და 11 შენიშვნა დაწერეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დილის 12 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საიას დამკვირვებლებმა 2 საჩივარი და 11 შენიშვნა დაწერეს. დარღვევები შეეხებოდა საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებას, გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევებს; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას; ამომრჩევლის ნების კონტროლსა და წილისყრის პროცესის დარღვევებს.

საიას ინფორმაციით, ბორჯომის #15 უბანზე დაფიქსირდა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ორით მეტია ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ახსნა-განმარტებით, როგორც მას, ასევე ორივე ამომრჩეველს გამორჩა ხელმოწერის გაკეთება ამომრჩევლის სიაში.

ოზურგეთის #22 უბანზე კომისიის ორი წევრი დაგვიანებით გამოცხადდა, რის გამოც მათ ვერ მიიღეს წილისყრაში მონაწილეობა.

ბორჯომის #25 უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლი კომიიის წევრებმა უბნიდან გაიტანეს 16 საარჩევნო ბიულეტენი და 14 კონვერტი.  საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებით, მანქანაში მგზავრობის დროს 3 ცალი კონვერტი მათ გადასატან ყუთში ჩაუვარდათ. (საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა ამ უბანზე და გადასატანი ყუთის ბათილობა მოითხოვა.)

ბორჯომის #12 უბანზე გადასატანი ყუთი დილის 10:00 საათზე დაბრუნდა დალუქულ მდგომარეობაში. მოგვიანებით პრეტენზია დააფიქსირა ერთ-ერთი ამომრჩევლის ოჯახის წევრმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა მშობელმა გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმა ვერ მისცა, რის შედმგომაც კომისიამ გადაწყვიტა დალუქული საარჩევნო ყუთის ხელმეორედ გატანა საარჩევნო უბნიდან. საიას დამკვირვებლის მხრიდან შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, გადასატანი საარჩევნო ყუთი მეორედ აღარ გაუტანიათ საარჩევნო უბნიდან.

ოზურგეთის #42-ე უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ მიუთითეს პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.

ხაშურის #1 უბანზე მისულმა ამომრჩეველმა გადასატან ყუთში (და არა ძირითად ყუთში) ჩააგდო კონვერტი.

ხაშურის # 29 უბანზე 50-ის ნაცვლად 49 ბიულეტენი აღმოჩნდა ბიულეტენის შეკვრაში.

ოზურგეთის #37 უბანზე ამომრჩეველმა საკუთარი ნებით ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანი ქართული ოცნების წარმომადგენელს აჩვენა.

ბორჯომის #10 უბნის გარეთ იმყოფება სადამკვირვებლო ორგანიზაცია ა(ა)იპ „21-ე საუკუნის“ დამკვირვებელი, რომელსაც ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, ხელთ აქვს წიგნად აკინძული ამომრჩეველთა სიის ფოტოსურათიანი ვერსია, რომელზეც ამომრჩევლის პირადობის მოწმობის ნომერი დატანილი არ არის.

ცესკოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ა(ა)იპ „21-ე საუკუნე“ რეგისტრირებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციად და ყავს 3138 დამკვირვებელი.

ბორჯომის #13 და #19 უბნების გარეთ სიებით იმყოფებიან დაუდგენელი პირები, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.

ოზურგეთის #12 და #44-ე უბნებზე სამარშუტო ტაქსებით მოჰყავთ ამომრჩეველი.

ყაზბეგის #8 უბანზე კომისიის წევრებმა  წილისყრის შედეგად გამოვლენილი კომისიის წევრის ფუნქციები თვითნებურად გადაცვალეს.

იხილეთ პრესრელიზი სრულად

არჩევნების მედიაცენტრში მიმდინარე პრესკონფერენციებს თვალი ადევნეთ პირდაპირ ეთერში

მსგავსი სიახლეები