პრემიერმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა

998

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 12 ნოემბერს დანიშნული არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. ის დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ექვსივე ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატები გაიმარჯვებენ. პრემიერმა სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, ოპონენტების კანდიდატები მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობენ.

“12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 საარჩევნო ოლქში იმართება. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობები, რიგ ოპონენტებს შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება, თითქოს სარგებლობენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველმა ნათლად დაინახა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი კანდიდატების მიმართ.

პარტია ,,ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არჩევნების მეორე ტურში, ექვსივე ოლქში ღირსეული კანდიდატები ჰყავს წარდგენილი: ქუთაისში – გიორგი ჭიღვარია, ყაზბეგში – ალექსანდრე ზაგაშვილი, ხაშურში – გიორგი გურასპაშვილი, ბორჯომში – ლევან ლიპარტია, ოზურგეთში – ბეგლარ სიორიძე, მარტვილში – ალექსანდრე გრიგალავა. და ჩვენ მათ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს 6 საარჩევნო ოლქში – ქუთაისში, ბორჯომში, ოზურგეთში, მარტვილში, ხაშურსა და ყაზბეგში გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა, რა დროსაც 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებმა საკრებულოს წევრები და მერები აირჩიეს, მათგან მხოლოდ 6-ში კი, მერის არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტური დაინიშნა.