ახალციხის მერის მუშაობის ერთი წელი – შეფასებები

1208

როგორ ფასდება ვლადიმერ ზედგინიძის მუშაობის ერთი წელი. რა იყო მისთვის მუშაობის პერიოდში ყველაზე რთული, რისთვის კიცხავენ თვითმმართველი ქალაქის ბოლო მერს და რას უწონებენ მას, როგორც ქალაქის მენეჯერს.

ახალციხის, როგორც თვითმმართველი ქალაქის ბოლო მერს, ვლადიმერ ზედგინიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მან ქალაქი გასული წლის 18 ნოემბერს ჩაიბარა და სავარაუდოდ, ახლადარჩეული მერისთვის, ზაზა მელიქიძისთვის უფლებამოსილების გადაბარება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს მოუწევს.

ხალხი

ახალციხეში მას ყველა იცნობს, თუმცა, მოსახლეობის ნაწილს იგი, როგორც პოლიციის უფროსი, ისე ახსენდება. ზედგინიძე ძალოვან უწყებაში სამი ათეული წელი მუშაობდა. ამიტომ ქალაქის პრობლემებთან კავშირში მისი მუშაობის შეფასება უჭირთ.

„როგორც მილიციის უფროსი, კარგი იყო. ახლა არც ვიცი, რა ევალება, მაგრამ აშკარაა, რომ ქალაქს ნაგვის ურნები აკლია. „დომბიტის“ შენობიდან ყოფილი „ტაო ბანკის“ შენობამდე სიგარეტის ჩასაგდებად ურნა ვერ ვნახე. ალბათ, მერს ამაზე უნდა ეზრუნა“, – ამბობს ტარიელ ჩილინგარიშვილი.

მისგან განსხვავებით, ზუსტად იციან საბარგო სადგურზე ქალაქის პირველი პირის ფუნქციები. ამ დასახლებიდან ადგილობრივებს ზედგინიძესთან პრობლემების მოგავარების შესახებ არაერთხელ უსაუბრიათ.

„კარგი კაცია, დაზიანებული სახურავები გადაგვიხურა, მაგრამ საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა არ გადაგვიჭრა. აწყურიდან და სხვა სოფლებიდან მომავალ ტრასნპორტს ველოდებით, რომ ქალაქამდე გავყვეთ რაღაცას“, – ამბობს საბარგო სადგურზე მცხოვრები ფენია ელოიანი.

ზედგინიძის მუშაობას დადებითად აფასებენ რაბათის დასახლებაშიც. თუმცა, პრობლემების ჩამონათვალი, რისი მოგვარებაც მას, როგორც მერს შეეძლო, მაგრამ ვერ, ან არ მოაგვარა, აქაც ვრცელია.

„ებრაელების უბანში ნამდვილად უნდა გაეკეთებინა გარეგანათება. ასევე, ამ ქუჩას უნდა ალაგებდეს ვიღაცა, ზაფხულში დღეში აქ სინაგოგის სანახავად 500 ტურისტი მაინც მოდის. ან ვერ მოასწრო და ან იზარმაცა“, – ამბობს მანანა იგითხანიშვილი.

ზედგინიძის „ზარმაცობის არ სჯერათ“ რაბათის ზედა დასახლებაში მცხოვრებლებს.

„კარგი ორგანიზატორი კაცია. ამინდები არ იყო, რომ რაღაცა გაეკეთებინა, ამინდი რომ გამოვიდა, ისევ არჩევნები დაიწყო, როდის რას მოასწრებდა?!“ – კითხულობს სულიკო გურგენიძე.

მისი თქმით, რაბათში გარეგანათება, ასევე, ისტორიულ ტაძრებზე ტურისტებისთვის მინიშნებებია გასაკეთბელი: „აბანოების ისტორიული უბანი ჩაბნელებულია და სირცხვილია, ასევე, სასაფლაოა შემოსაღობი, საქონელი შედის. ძველი საკანალიზაციო ჭები თუ არ ამოიწია კიდევ ზევით, მალე სიბინძურე ამოვა გზებზე“.

როგორი მერი იყო ვლადიმერ ზედგინიძე, შეფასება უჭრით აბის დასახლებაში. ამბობენ, რომ მისი არც გაკეთებული და არც დაშავებული არაფერი ახსენდებათ, თუმცა, ზუსტად იციან, ქალაქის პირველ პირს, იმ ქუჩაზე, სადაც თვითონ ცხოვრობენ, რაზე უნდა ეზრუნა.

„გზა კი გაგვიკეთეს და მადლობლები ვართ, მაგრამ კანალიზაცია არაა. ახლა თუ კანალიზაციას გააკეთებენ, გზას აყრიან და აღარ გვექნება. ამაზე მერს წინასწარ უნდა ეფიქრა“, – ამბობს აბში მცხოვრები თამარ თაბუნიძე.

ქალაქს წინსვლას ვერ ატყობს ვერც იური ინასარიძე. ამბობს, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა, ამიტომ ქალაქის პირველ პირზე რაიმე კარგის თქმა გაუჭირდება: „დასაქმების კუთხითაც ვერაფერი შეიცვალა, უმუშევრობის გამო ხალხი ძალიან გაჭირვებულია“.

ოპოზიცია, საკრებულო და არასამთავრობო სექტორი

უმუშევრობის დაძლევაზე აკეთებენ აქცენტს ოპოზიციურ პარტიებშიც ზედგინიძის ერთწლიანი მუშაობის შეფასებისას.

„არ მახსენდება არცერთი მასშტაბური პროექტი ან ქალაქში ჩადებული ინვესტიცია, რაც ადგილობრივების დასაქმების საკითხს ნაწილობრივ მაინც გადაჭრიდა. არადა, „ოცნების“ მთავარი დაპირება ხელისუფლებაში მოსვლის დროს ეს იყო“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

მიუხედავად ამისა, მისივე თქმით, ბევრი რამ გაკეთდა ზედგინიძის მიერ ქალაქში ისეთი, რაც მისასალმებელია: „ბიზნესსექტორთან მიმართებით ახალი სიტყვა თქვა, ბანკებს რეკლამირების და თვითმმართველობას ქუჩებზე ბინების დანომვრის საშუალება მიეცათ. მისასალმებელია, რომ მწვანე ნარგავებს ყურადღებას აქცევდა. ობიექტურობისთვის კი უნდა ითქვას, რომ თვითრეალიზებისთვის ვლადიმერ ზედგინიძეს მცირე დრო ჰქონდა“.

ერთი წელი მერის მუშაობის შესაფასებლად რომ ძალიან მცირე დროა, ამაში დემეტრაძეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ეთანხმებიან. მათ ნაწილს, პირველი, რაც ზედგინიძის მერობის დროს ქალაქში გაკეთებული ახსენდება, ნარგავებისთვის დადგმული ქოთნებია.

„არ არის ლამაზი ეს ქოთნები. არც იმას მივესალმები, რომ არსებული განათების ბოძები ახლებით ჩაანაცვლეს, მაშინ, როცა განათება სხვა ქუჩებში საერთოდ არ იყო. ამას ჯობდა, ეს თანხა გზებზე ჭების მოსაწესრიგებლად, ან გაჩენილი ღრმულების ამოსავსებად გამოეყენებინათ“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ თანამშრომელი ჯაბა ნათენაძე.

მისი თქმით, ზედგინიძის მერობის პარიოდში კარგია ის, რომ გაკეთდა სკვერები, ასევე, მოწესრიგდა არაერთი შიდა ქუჩა და საფეხმავლო ნაწილები: „როგორც მერი იყო კომუნიკაბელური, თუმცა, ყოველთვის უჭირდა განსხვავებული აზრის მიღება“.

ზედგინიძის კომუნიკაბელურობაზე ეკეთებს აქცენტს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილიც და ამბობს, რომ ქალაქის მერი გახსნილი იყო არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობაში, ჰქონდა ბევრი ინიციატივა და ცდილობდა, მოკლე დროში, ბევრი რამის გაკეთება მოესწრო.

არ ეთანხმება ნათენაძესა და მესხიშვილს „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი მაკა სუდაძე. მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ მერისთვის შეთავაზებული ყველა იდეა რეაგირების გარეშე დარჩა.

„ნამდვილად ვერ შევაფასებ მისი მერობის პერიოდს დადებითად. ერთხელ ჩვენი ორგანიზაციის გვერდით მდებარე სტადიონის შეკეთება ვთხოვეთ და რეაგირება არ მოუხდენია. ასევე, ევროკავშირის პროექტი გავუგზავნეთ, რომლის განხორციელებაშიც დახმარებას ვთავაზობდი და პასუხი ვერც ამაზე მივიღეთ“, – ამბობს მაკა სუდაძე, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანლეობასთან ერთად, თემის საკრებულოში ოპოზიციური პარტიის დეპუტატიცაა. ამიტომ იგი ფიქრობს, რომ ზედგინიძე პოლიტიკური ჩარჩოებიდან ვერ გამოვიდა და მის ორგანიზაციასთან ურთიერთბა ამის გამო ვერ შეძლო.

კომუნიკაბელურობის თვალსაზრისით, სუდაძისგან განსხვავებით, დადებითად აფასებენ ზედგინიძეს ქალაქის საკრებულოში. თუმცა, არის საკითხი, რის გამოც ქალაქის მერს ყველა ოპოზიციონერი და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი კიცხავს.

„მე კი დადებითად ვაფასებ მის მუშაობას, მაგრამ თვითონ ვერ შეაფასა სათანადოდ და ხომ ხედავთ, გაუქმდა ახალციხე, როგორც თვითმმართველი ქალაქი“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ბერიძე.

„ზედგინიძის ყველაზე დიდი მინუსი ის იყო, რომ ქალაქის სტატუსის შენარჩუნებაზე მყარი პოზიციის დაჭერა ვერ შეძლო, ჯერ თქვა, რომ მხარს არ უჭერდა სტატუსის გაუქმებას და მერე ჩაიქნია ხელი“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ ზურაბ სადათიერაშვილი.

მისი თქმით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ზედგინიძის მხრიდან ა(ა)იპ-ების ხარჯების შემცირება: „ასევე ის, რომ ქალაქის გამწვანებაზე ზრუნავდა, მიუხედავად იმისა, რომ ქოთნები რომლებიც დადგა, არ მომწონს. ყოველთვის ჰქონდა თავისი ხედვები და, ზოგადად, კონსტრუქციული მერი იყო“.

თვითმმართველი ქალაქის ბოლო მერი

თავად ზედგინიძეს მერიაში გატარებული ერთი წლის შეფასება უჭირს. ამბობს, რომ ამას ხალხი შეაფასებს, ოღონდ მას შემდეგ, რაც იგი მერიას დატოვებს. ის, რაც ახლა გადაჭრით შეუძლია თქვას, არის ის, რომ ერთწლიანი მუშაობის პერიოდში განსაკუთრებით რთული კადრების დაკომპლექტების პროცესი იყო.

ახლადჩამოყალიბებულ 11 სამსახურში ვაკანტური 13 ადგილი იყო. მათი შევსება კონკურსის წესით უნდა მომხდარიყო, თუმცა, ეს პროცესი დროში გაიწელა.

„13 იანვარს მივწერეთ HR-ს, რომ ვაკანსია დაედო და მხოლოდ მარტში გამოაქვეყნეს. არ ვიცი, ეს ასე რატომ მოხდა. ბუნებრივია, კადრების არარსებობა სამუშაო პროცესს აფერხებდა, მაგრამ ვმუშაობდით“, – ამბობს ზედგინიძე.

განსაკუთრებით რთული ქალაქის არქიტექტორის შერჩევა აღმოჩნდა, რადგან ამ პოზიციაზე, მთავრობის დადგენილების მიხედვით, ხუთწლიანი გამოცდილების მქონე კადრი უნდა შერჩეულიყო. პირველ ეტაპზე გამოცხადებულ კონკურსში კი მონაწილეობა არავინ მიიღო.

„ამის შემდეგ ვთხოვე დავით ჯაფარიძეს, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღო, რადგან ერთადერთი გამოცდილი კადრი რეგიონში ის იყო. ასე რომ, გვყავდა ჩვენ არქიტექტორი, მაგრამ გამათავისუფლებინეს“, – ამბობს ზედგინიძე.

შეკითხვაზე ვინ გაათავისუფლებინა მერიიდან მას ქალაქის არქიტექტორი, ასე გვპასუხობს: „მოუწია წასვლა“.

მერიიდან წასვლა, მაშინ, როცა ზედგინიძე ახალი დანიშნული იყო, კიდევ ერთ ახალდანიშნულ თანამშრომელს, გიორგი ანდღულაძეს მოუწია. იგი ვლადიმერ ზედგინიძის დისშვილი იყო და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

„მიზანშეუწონლად ჩაითვალა გიორგის აქ მუშაობა და უნდა წასულიყო. ეს არავის მიუთითებია, უბრალოდ, იყო მოსაზრება, რომ რადგან ჩემი დისშვილია, აქ არ უნდა ემუშავა. სულ ეს იყო“, – აცხადებს ზედგინიძე.

გარდა კადრებისა, ზედგინიძის თქმით, ასევე, რთული აღმოჩნდა ქალაქის ურბანული დაგეგმარების საკითხის მოგვარებაც, რადგან ახალციხის საზღვრები სოფლებისაგნ გამიჯნული არ იყო: „ეს პროცესი არც ახლაა დასრულებული. თუ არ იცი, შენი ტერიტორია სადაა, იქ თანხის დახარჯვა არამიზნობრივად ჩაგეთვლება“.

მერი ამბობს, რომ, რეალურად, მუშაობა 7 თვე მოუწია, – მერის კაბინეტი 18 ნოემბერს ჩაიბარა, აქტიური მუშაობა კი 17 აპრილიდან დაიწყო, ანუ იმ დღიდან, როცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე პირველი ტენდერი გამოცხადდა. ამიტომ მიაჩნია, რომ შვიდ თვეში დასახული გეგმების განსახორციელებლად მაქსიმუმი გააკეთა და ის დრო, რაც იგი მერი იყო, თვითრეალიზების საშუალებას ნაკლებად იძლეოდა. ამ პოზიციაზე ხანგრძლივი ვადით ყოფნის შემთხვევაში კი მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებდა, მოაწყობდა მეტ სკვერს და სპორტულ მოედანს.

შეკითხვაზე, მეტი რეალიზებისთვისა და დაწყებული პროექტების დასრულებისთვის, რატომ აღარ იყარა მეორე ვადით მერის პოზიციაზე კენჭი, გვპასუხობს: „მე თუ შემეკითხებოდნენ, კენჭს ვიყრიდი“.

ასევე შეკითხვაზე, თუ ამისი სურვილი ჰქონდა და შეთავაზება – არა, რატომ არ დააყენა კანდიდატურა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ამბობს, რომ ამას არ იკადრებდა, რადგან ეს მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ წასვლას ნიშნავდა: „საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, ზედმეტად თვალში არავის უნდა ჩაუვარდე, თორემ, შეიძლება თვალი გამოგთხარონ“.

ზედგინიძეს ეამაყება რომ ქალაქის მერია, ასევე, ამაყობს იმით, რომ მისი მერობის პერიოდში ქალაქში არსებული 67 ქუჩიდან 31 მოეწყო. აგრეთვე, ამბობს, რომ პროექტი უკვე ტენდერზეა და ქალაქში მალე გარეგანათების 110 ბოძი დაიდგმება. მომავალი წელს ერთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საბარგო სადგურზე ასფალტო-ბეტონის გზის გასაკეთებლად. ეს გზა კი იქ დაიგება, სადაც ახლა საკანალიზაციო ქსელი კეთდება.

„ახლა ვასწრებ 4000 მესხის ხეივნის მოწყობას. ერთი ტენდერი უკვე გამოცხადებული გვაქვს და მეორეზე დღეს ვიმუშავებთ. წარმატებებს ვუსურვებ ახალ მერს, ზაზა მელიქიძეს, ვფიქრობ, რომ მას წინ დიდი სამუშაო ექნება, რადგან ქალაქისა და სოფლის პრობლემებს მოსაგვარებლად სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა სჭირდება“.