თბილისის ახალი, მეექვსე მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას 14 ნოემბერს გამართავს

თბილისის ახალი, მეექვსე მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას 14 ნოემბერს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს.

ახალ საკრებულოს გიორგი ტყემალაძე უხელმძღვანელებს. მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი კი ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება, ვინაიდან ის საკრებულოს წევრის მანდატზე უარს ამბობს. ალიბეგაშვილი ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა.

ალიბეგაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას დეპუტატები სწორედ სამშაბათის სხდომაზე მიიღებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოში 4 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. საკრებულოს 50 წევრიდან “ქართულ ოცნებას” 40 წევრი, ოპოზიციური პარტიას კი ჯამში 10 დეპუტატი ეყოლება.

თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით, თბილისის საკრებულოს 15 მანდატი – “ქართულმა ოცნებამ”, 5 მანდატი – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, 3 მანდატი – “ევროპულმა საქართველომ”, ხოლო 2 მანდატი “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღეს.

რაც შეეხება მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებს, ცესკოს საბოლოო მონაცემებით, 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

თბილისის მოქმედი საკრებულო დღეს ბოლოჯერ შეიკრიბება და ბოლო სხდომას გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები