ცესკოს შემადგენლობა იცვლება

1224

უახლოეს მომავალში საარჩევნო ადმინისტრაცია ახალი წესითა და შემადგენლობით დაკომპლექტდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმის გამოქვეყნების მომდევნო დღიდან, ძალაში შედის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე ხდება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წევრი მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს ეყოლება, რომელთაც პარლამენტის მანდატები მიიღეს და საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს.

ამასთან, მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, როგორც ცესკოში, ასევე ყველა ქვედა დონის საარჩევნო კომისიაში პარტიების მიერ დასანიშნი წევრების რაოდენობა შვიდი წევრიდან 6-წევრამდე შემცირდა. სწორედ ამ ექვსი წევრიდან ცესკოში სამი წევრი ”ქართულ ოცნებას” ეყოლება, ხოლო თითო-თითო წევრს ”ნაციონალურ მოძრაობა”, ”ევროპული საქართველო” და ”პატრიოტთა ალიანსი” დანიშნავს.

ცნობისთვის, დღეს არსებული წესით, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსების ოდენობაზე იყო დამოკიდებული, რაც პარტიას ერთ წევრზე მეტის დანიშვნის შესაძლებლობას არ აძლევდა.

ამჟამად 13-კაციან ცესკოში პარტიული კვოტით შვიდი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია დანიშნული. ეს მოცემულობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების მომდევნო დღიდან შეიცვლება.

წყარო: ინტერპრესნიუსი