საქალაქო სასამართლომ თიანეთში მერობის სახელისუფლებო კანდიდატის სარჩელი არ დააკმაყოფილა

708

საქალაქო სასამართლომ თიანეთში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ძალაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დარჩა, რომლის თანახმად თიანეთის მერი თამაზ მეჭიაურია.

ქიტესაშვილის მტკიცებით, მიღებული ხმების 50%-ზე მეტი არც ერთ კანდიდატს არ მიუღია, შესაბამისად, ბარიერი გადალახული არ არის.

ქიტესაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა. აღნიშნული მოთხოვნით მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2 ნოემბერს მიმართა. თუმცა, მისი მოთხოვნა კომისიამ არ დააკმაყოფილა.

1 ნოემბერს თიანეთის საოლქო კომისიამ გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა. 27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება თამაზ მეჭიაური.“სასამართლო ხელისუფლება შედგა,”- ასე გამოეხმაურა თიანეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“მე სხვა გადაწყვეტილებას ველოდი, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებ. მივმართავ სააპელაციო სასამართლოს,”- ამის შესახებ განცხადება ლელა ქიტესაშვილმა გააკეთა, რომელიც თიანეთის მერობისთვის ქართული ოცნებიდან იბრძოდა.

ლელა ქიტესაშვილს 1 დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

წყარო: იმედინიუსი

ფოტო: იმედინიუსი