12 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება – ვინ არიან ერთმანეთის კონკურენტები 6 მუნიციპალიტეტში

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება, – ამის შესახებ ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მეორე ტური 1 თვითმმართველ ქალაქში – ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში – ბორჯომში, ოზურგეთში, მარტვილში, ყაზბეგსა და ხაშურში გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საარჩევნო კოდექსით დადგენილი 50%-იანი ზღვარი მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.

ქუთაისში, არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ. პირველ ტურში ჭიღვარიამ – 48.66%, ხოლო ვაშაძემ 27.04% მიიღეს.

ბორჯომში მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძემ იბრძოლებენ. ლიპარტიამ პირველ ტურში ჩაჩანიძეს 24 ხმით მოუგო, თუმცა, 50% ვერც ერთმა მათგანმა დააგროვა. პირველ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატების შედეგებს შორის სხვაობა 0.2%-ია, რაც მეტად კონკურენტულ მეორე ტურზე მიანიშნებს.

ოზურგეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს შორის გაიმართება. 21 ოქტომბრის არჩევნებზე სიორიძემ 43,35%, ხოლო შარაშენიძემ 41.86% დააგროვეს და აქაც მძაფრ მეორე ტურს წინასწარმეტყველებენ.

მარტვილში მეორე ტურში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია მიიღებენ. გრიგალავამ პირველ ტურზე ამომრჩეველთა 49.76%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო დანელიამ – 35.81%-ის.

ხაშურში მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობენ. პირველ ტურში გურასპაშვილმა ხმების 42.24%, ხოლო ნოზაძემ 18.48% მოაგროვეს.

ყაზბეგის მერობისთვის კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი, სანდრო ყამარაული იბრძოლებენ. ზაგაშვილმა პირველ ტურში 44.62%, ხოლო ყამარაულმა 26.85% მოაგროვეს.

მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტური მაინც გაიმართება და მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში წარმოდგენილი მაინც იქნებიან. „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, თავისი კანდიდატურა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას, მაგრამ ეს წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, ხოლო რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას მისცემენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით. მასში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც 21 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ 18 წელი. აგრეთვე, ამავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ცესკოს ინფორმაციით, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც მეორე ტურები უნდა გაიმართოს, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების დღის ჩათვლით. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებს, მეორე ტურისთვის კომისიის უფლებამოსილებებს განახორციელებენ პირველი ტურისთვის შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები.

ამასთან, მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა იმ საარჩევნო კომისიებში, სადაც მეორე ტური იმართება, გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

ცესკოს ცნობით, რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. გარდა ამისა, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს უფლება აქვთ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (9 ნოემბერი) წარმოადგინონ მათი დამკვირვებლებისა და მედია წარმომადგენლების დამატებითი სიები.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა, რა დროსაც 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებმა საკრებულოს წევრები და მერები აირჩიეს, მათგან მხოლოდ 5-ში კი, მერის არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტური დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები