არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას, თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს

524

2014 წლის 13 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომისია “მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში.” კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, დაეწყო საჯარო კონსულტაციები ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან და მოსახლეობასთან. კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, ადგილობრივი მოსახლეობისგან და არასამთავრობო სექტორისგან მიეღო და განეხილა ალტერნატიული წინადადებები. ამ მიზნით 18 მარტიდან კომისია გეგმავდა საჯარო შეხვედრების გამართვას შესაბამის მუნიციპალიტეტებში.

 

კომისიის განცხადება ჩვენ იმედს გვიტოვებდა, რომ შვიდი მუნიციპალიტეტის „ქალაქად“ და „სოფლად“ მექანიკური დაყოფის გადაწყვეტილება არ იყო საბოლოო და ხელისუფლებას მართლაც სურდა, მოესმინა სამოქალაქო საზოგადოების აზრი. 2014 წლის 17 მარტს სამოცი ცენტრალური და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შევიკრიბეთ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” გამართულ კონფერენციაზე, სადაც რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წევრებს და მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებს გავაცანით მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაციის საკუთარი ხედვა; გამოვთქვით სურვილი, აქტიურად ჩავრთულიყავით მოსახლეობასთან და საკრებულოებთან კონსულტაციებში, რაზედაც სამთავრობო კომისიის მხრიდან თანხმობა მივიღეთ.

 

სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, კომისიამ 18 მარტიდან დაგეგმილი შეხვედრები გაურკვეველი ვადით გადადო. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ჩნდება ეჭვი, რომ სამთავრობო კომისია პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს და არ სურს ალტერნატიული ხედვების მოსმენა.

 

საქართველოს მთავრობაში და შვიდივე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩვენ ოფიციალურად შეგვაქვს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის წინადადებები, რომლებიც კონცეპტუალურად და დეტალურად დამუშავებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

 

ჩვენს წინადადებებს თელავის, ოზურგეთის,  ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ახალციხისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის თაობაზე, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის წამოწყების მიზნით, ვაქვეყნებთ ვებ-გვერდებზე www.tvitmartvelobisdroa.ge დაwww.droa.ge. იმავდროულად,  ადგილებზე ვმართვათ საჯარო შეხვედრებს, სადაც ჩვენს მოდელებს  გავაცნობთ შესაბამისი მუნიციპალიტეტების მოსახლეობას და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს.

 

მივმართავთ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას და თელავის, ოზურგეთის,  ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, არ მიიღონ გადაწყვეტილება ალერნატიული წინადადებების განხილვისა და საჯარო დისკუსიების გარეშე.

 

მოვითხოვთ, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ სასწრაფოდ განაახლოს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც განხილული იქნება ჩვენს მიერ წარდგენილი ალტერნატიული წინადადებებიც.  

 

მივმართავთ საქართველოს მთავრობას მხოლოდ მუნიციპალიტეტების მოსახლეობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებული გადაწყვეტილება წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს.

 

 

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

ასოციაცია „კივიტას გეორგიკა”

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (OSGF)

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა”

რეგიონის განვითარების ცენტრი

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი

სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” (PMMG)

ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი

გორის საინფორმაციო ცენტრი

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

ქალაქების თვითმმართველობათა კავშირი

ეფექტიანი მმართველობითი სისტემების და რეგიონების ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი