კასპში 10 საჩივრიდან მხოლოდ იგოეთის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე დასაჯეს

810

სოფელ იგოეთის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, დისციპლინარული სახდელის სახით, შენიშვნა მიეცა. ამის თაობაზე გადაწყვეტილება საოლქო კომისიაში ერთსულოვნად მიიღეს.

საქმე ეხება ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის საჩივარს, რომლის მიხედვით, არჩევნების დღეს, უბანზე ყუთში საკონტროლო ფურცელი ამომრჩევლის მისვლამდე ჩააგდეს და უკან ამოიღეს. საკონტროლო ფურცელს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა აკლდა.

საოლქო კომისიაში შეტანილი 10 საჩივრიდან, მხოლოდ, ეს საჩივარი დაკმაყოფილდა. საჩივრებიდან სამი ეკუთვნის ,,სამართლიან არჩევნებს”, ოთხი – ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, ხოლო სამი – პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

საოლქო კომისიამ 4 საჩივარი განუხილველად დატოვა, 5 საჩივარი კი, – არ დააკმაყოფილა.

იგოეთის უბანზე კიდევ ერთი ფაქტი დააფიქსირეს, კერძოდ ფუნქციების გადანაწილების მიზნით კომისიის წევრებს შორის წილისყრა ორჯერ მოხდა. საჩივრის განხილვის დროს, ფაქტი კომისიის ყველა წევრმა უარყო.

,,სამართლიანი არჩევნების” კიდევ ერთი საჩივრის მიხედვით, სამთავისის უბანზე ბიულეტენები სამჯერ გადაითვალეს. პირველი დათვლის დროს, გამარჯვებულად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გამოცხადდა – მაჟორიტარული კუთხით. ამის შემდეგ, კომისიის წევრებმა ხმები მეორედ და მესამედ დაითვალეს, სამი ბიულეტენიდან ორი გააბათილეს, ერთი კი, – მმართველი გუნდის კანდიდატის სასარგებლოდ ჩათვალეს.

კომისიის წევრებმა, სწორედ, პირველ დათვლაზე ბათილად მიჩნეული 1 ბიულეტენი გამოიყენეს მმართველი გუნდის სასარგებლოდ. საოლქო კომისიაში ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი უბნის შედეგების მეოთხედ გადათვლას ითხოვდა, რადგან უბანზე ხმების გადათვლა დამკვირვებლების გარეშე, მოხდა.

საოლქო კომისიის წევრებმა საჩივარი განუხილველი დატოვეს, რადგან საჩივარი შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ იყო დაწერილი.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, სამივე საჩივარი ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლებმა დაწერეს, თანაც იგივე სამთავისის უბანთან დაკავშირებით. პირველი საჩივრით, შემაჯამებელი ოქმის შედეგების გადახედვას, დანარჩენებით კი, – კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ფოტო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი