როგორია პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება კახეთის ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩევნების შემდეგ

631

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. არ გამართლდა წინასაარჩევნო პროგნოზი და ოპოზიციური პარტიების მოლოდინები მეორე ტურთან დაკავშირებით – მმართველმა გუნდმა კონკურენტები კახეთში საკმაოდ დიდი სხვაობით დაამარცხა. რვავე მუნიციპალიტეტში მერი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებული კანდიდატი  იქნება. მათგან  ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მაღალი პროცენტი – 69,37% საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, გიორგი ერბოწონაშვილმა მიიღო, ყველაზე დაბალი – 54,78 % კი თელავის მომავალმა მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების შედეგები ასეთია: დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი – 65,45 %; ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი – 63,99 %; ყვარელი – როსტომ სესიაშვილი – 63,85%; გურჯაანი – არჩილ ხანდამაშვილი: 59,94%; სიღნაღი – გიორგი გოგილაშვილი – 59,53 %; ახმეტა – იოსებ ქარუმაშვილი – 59,41%.

რეგიონის მასშტაბით, მმართველი პარტიის ძირითად კონკურენტად ორი პარტია გამოიკვეთა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ბაქრაძე უგულავა-ევროპული საქართველო“, ამათგან ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა – 27,71 % თელავის მერობის კანდიდატმა ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი ბოტკოველმა მიიღო.

რაც შეეხება საკრებულოებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო იმ 5 პარტიის წევრებით დაკომპლექტდა, რომლებმაც პროპორციულ არჩაევნებში ოთხპროცენტიანი ბარიერი გადალახეს. ოპოზიური პარტიებიდან ყველაზე მეტი – 8  დეპუტატი ეყოლება გურჯაანის, თელავისა და ახმეტის საკრებულოებს; დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და ყვარელში ოპოზიცია 7 წევრითაა წარმოდგენილი, საგარეჯოსა და სიღნაღში კი – 6.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო 39 დეპუტატით დაკომპლექტდება. ამათგან 24 – მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული სიით იქნება არჩეული.

N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მადონა ჯავახიშვილის განცხადებით, ოთხპროცენტიანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. „ამ დროის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა 22-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა მიიღო მაღალი პროცენტი. სოფელ ჩალაუბანში კი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ვალერი ბარნაბიშვილი ლიდერობს.  ასევე, სოფელ მელაანში ხმების უმრავლესობა მიიღო ამავე პარტიის კანდიდატმა, ვალერი ირომაშვილმა. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, „ქართული ოცნების“ გარდა, ჩვენს ოლქში ოთხპროცენტიანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა. ესენია: „ევროპული საქართველო,“ „ნაციონალური მოძრაობა“ და  „პატრიოტთა ალიანსი“.

ამ შედეგების მიხედვით,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 39 წევრიდან 31 მმართველი პარტიის წარმომადგენელი ეყოლება, ხუთი – „ევროპული საქართველოდან“ (2 მაჟორიტარი და სამი პროპორციული), ორი – „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ერთიც – „პატრიოტთა ალიანსიდან’’.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატის მანდატს 4 პარტიის 31 წარმომადგენელი მიიღებს, მათგან 16 – მაჟორიტარია და 15 – პროპორციული.  წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სიით საკრებულოში ცხრა წევრი „ქართული ოცნებიდან“ იქნება წარმოდგენილი,  სამი – `ნაციონალური მოძრაობიდან“, ორი – „ევროპული საქართველოდან“ და ერთიც – „პატრიოტთა ალიანსიდან.“ ჯამში მმართველ გუნდს საკრებულოში ეყოლება 24 წევრი. აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარული არჩევნები ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო.

ყვარლის საარჩევნო ოლქის პროპორციულ არჩევნებში ბარიერი „ლეიბორისტულმა პარტიამაც“  გადალახა. შესაბამისად, საკრებულოს 27 დეპუტატი 5 პარტიის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. მაჟორიტარულ არჩევნებში ოპოზიციიდან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა, დარჩენილი 11 კი მმართველ გუნდს წარმოადგენს. პროპორციული სიის 15 წევრიდან  ადგილები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – ცხრა დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობა“ – სამი, „ლეიბორისტული პარტია“- ერთი, ასევე თითო დეპუტატის წარდგენას შეძლებენ „პატრიოტთა ალიანსი“ და „ევროპული საქართველო“. სულ საკრებულოში ოპოზიციურ პარტიებს 7 დეპუტატი ეყოლება.

5 პარტიის წარმომადგენლებით იქნება ასევე დაკომპლექტებული ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოც. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ყვარლის მსგავსად, ბარიერის გადალახვა აღნიშნულ ოლქშიც შეძლო. 16 მაჟორიტარიდან მხოლოდ ერთია დამოუკიდებელი, დანარჩენი 15 კი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. რაც შეეხება პროპორციულ სიას, წინასწარი მონაცემებით, მმართველ პარტიას ეყოლება 8 დეპუტატი, „ნაციონალურ მოძრაობას“ – სამი, „ევროპულ საქართველოს“ – 2, თითო წევრი ეყოლება „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“. ჯამში, საკრებულოს 31 დეპუტატიდან, მმართველი გუნდი 23 წევრით იქნება წარმოდგენილი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 37 დეპუტატია. 15 პროპორციული და 22 მაჟორიტარი. აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარული არჩევნები მხოლოდ ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო, რაც შეეხება პროპორციულ სიას, საკრებულოში 10 ადგილი მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“, ორ-ორ წევრს წარადგენს „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა,“ ხოლო  „პატრიოტთა ალიანსს“ ერთი დეპუტატი ეყოლება.

სიღნაღის საკრებულო 4 პარტიისგან დაკომპლექტებული 29 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. აქ თოთხმეტივე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მმართველმა პარტიამ მოიგო. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, 15 ადგილი საკრებულოში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 9 წევრი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 4, თითო-თითო წევრი ეყოლება  „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“. ჯამში ოპოზიციური პარტია აღნიშნულ საკრებულოში 6 წევრს წარადგენს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 მაჟორიტარი და 15 პროპორციული სიით წარდგენილი დეპუტატი ეყოლება. მაჟორიტარ კანდიდატებს შორის მხოლოდ ორია ოპოზიციური პარტიიდან: „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“; პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ შეძლებს, წარმომადგენლობით ორგანოში 9 დეპუტატი ჰყავდეს; „ნაციონალურ მოძრაობას“ 4 წევრის წარდგენის შესაძლებლობა ექნება. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“, რომლებმაც ასევე გადალახეს ბარიერი, თითო წევრი ეყოლებათ. ჯამში მმართველი გუნდი – 27 წევრით, ხოლო ოპოზიცია, 8 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართულ ოცნებას სულ 21 დეპუტატი ეყოლება, 10 პროპორციული სიით და 11 – მაჟორიტარი. 7 ადგილი კი ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდება.

„ნაციონალური მოძრაობას“ ეყოლება ორი პროპორციული და  ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსს“ – ერთი მაჟორიტარი და ერთი პროპორციული სიით წარდგენილი დეპუტატი, „ევროპულ საქართველოს“ კი, მხოლოდ პროპორციული სიით წარგენილი ორი დეპუტატი.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წრმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას, ცესკო, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან, 30 დღის ვადაში მოიწვევს.