გამარჯვებული და დამარცხებულები – ასპინძაში შედეგებს აფასებენ

686

როგორ აფასებენ მიღებული ხმების რაოდენობას ასპინძის მერობის კანდიდატები და რით ხსნიან დამარცხებას ოპოზიციის წარმომადგენლები;

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ასპინძაში 23 უბნიდან 20–ზე მმართველი გუნდის კანდიდატმა, როსტომ მაგრაქველიძემ მიიღო ხმების უმრავლესობა, 3 უბანზე კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან ცაბაძემ გაიმარჯვა. ყველაზე ნაკლები ხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მალხაზ მოსიძეს აქვს.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მცირე რაოდენობის ხმებს მივიღებდი“, – ამბობს მოსიძე.

მისი თქმით, ასეთი დამარცხება იმითაა განპირობებული, რომ მმართველ გუნდთან შედარებით, მას მცირე დაფინანსება ჰქონდა, ასევე ხელისუფლება მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებდა. რაც შეეხება მაგრაქველიძის არც თუ ისე მცირე უპირატესობით გამარჯვებას, მოსიძე ფიქრობს, რომ ეს მისმა პიროვნულმა ფაქტორმაც მნიშვნელოვნად განაპირობა: „როსტომს ასპინძაში პარტიის გარეშეც ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა“.

ასპინძაში მიღებული 12%–ით ამაყია „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე. მისი თქმით, ის დაბალი რეიტინგი, რომელიც მას და მის პარტიას აქვს მუნიციპალიტეტში, რეალურად მათი წარმატების მაჩვენებელია.

„პარტია ქვეყანაში თუ ექვსი თვისაა, ასპინძაში „ევროპული საქართველო“ ჩემს ირგვლივ ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა. ამიტომ ამ დაბალ რეიტინგს რაც ეხება, ასპინძაში ისევე თავაწეული ვივლი და შევხედავ ადგილობრივებს თვალებში, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი“, – ამბობს ლონდარიძე.

რაც შეეხება მმართველი გუნდის ორ წარმომადგენის შორის გადანაწილებულ ხმების უმრავლესობას, ლონდარიძე ამბობს, რომ ეს ცაბაძისა და მაგრაქველიძის მხრიდან მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია: „ამის გამო ბევრი ადამიანი არ მივიდა არჩევნებზე. არჩია, რომ საერთოდ არ გამოჩენილიყო საარჩევნო უბანზე“.

გამარჯვებული კანდიდატი როსტომ მაგრაქველიძე მიღებული ხმების რაოდენობით კმაყოფილია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა, როგორც თავად ამბობს, სამივე კანდიდატი მის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით იბრძოდა: „ჩემი შედეგები ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ სამი კანდიდატის წინააღმდეგ მიწევდა ბრძოლა. ძალიან კარგად ჩანდა ყველასთვის თუ როგორ იყვნენ ისინი ხელიხელგადახვეული დამოუკიდებელი მერობის კანდიდატთან“.

არ იზიარებს მაგრაქველიძის მოსაზრებას დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი ლევან ცაბაძე. იგი „ოცნების“ კანდიდატს ტოტალურ გაყალბებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თუ დარღვევებს გაუსაჩივრებს, ასპინძაში მეორე ტურის ჩატარების საკითხს დღის წესრიგში დააყენებს.

„დამალის უბანზე რაც მოხდა, ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. მაგრამ, გარდა ამისა, ცესკოს მონაცემებით, რვა საათზე ხმა 643 ამორმჩეველს ჰქონდა მიცემული, ოქმში კი დაფიქსირებული სხვა რამაა. მას შემდეგ რაც ველაპარაკე ჩემს ადვოკატებს ტელეფონით, ისე ქნეს სხვა უბნებზეც, რომ დამალის გაბათილების შემთხვევაში, მაგრაქველიძე მაინც გამარჯვებულად დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ იყო, რომ 200–კაციან უბნებს ღამის სამ საათამდე ითვლიდნენ“, – ამბობს ცაბაძე და ამატებს, რომ დამალის უბნის შედეგებს აღარ გაასაჩივრებს – „ხალხმა ამ ერთ კვირაში იმდენი რამ გადაიტანა, კიდევ ამის დამატება აღარ მინდა“.

მისი თქმით, მაგრაქველიძის რეალური რეიტინგი 15–18%–ია: „მიღებული ხმების რაოდენობა კი გაყალბების, ასევე ძალოვანი უწყებების ხალხზე მუშაობის შედეგია“.

ცაბაძე აცხადებს, რომ იგი ამის შემდეგ არც ასპინძიდან მიდის და არც პარტიიდან: „ასპინძაში დიდი მეურნეობა მაქვს. „ქართული ოცნებაში“ კი ბიძინა ივანიშვილის გამო მოვხვდი. მისი მადლობელი ვარ და პატივს ვცემ იმის გამო, რაც მან რაგბისთვის გააკეთა. ამიტომ პარტიიდან თუ არ გამაგდებენ, წასვლას არ ვაპირებ“.