ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ლიბერალის რედაქტორის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

625

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას თბილისში ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა ჟურნალისტური საქმიანობისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ლიბერალის“ რედაქტორს. ბათუმში კი N12 და N63 საარჩევნო უბნებთან “რუსთავი 2-სა” და “ობიექტივის” ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, ვინაიდან მათი თქმით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, მათ კოორდინატორებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში. არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ამ პროცესში დიდი როლი სწორედ ჟურნალისტებს აკისრიათ. კენჭისყრისას დარღვევების და ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლის გაშუქება მათი მოვალეობაა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავებსაც უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის განხორციელება.