არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის დონის ამაღლების მიზნით პროექტის განხორციელებას იწყებენ

493

არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის დონის ამაღლების მიზნით პროექტის განხორციელებას იწყებენ. პროექტის სახელწოდებაა – “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა”. მისი ერთ-ერთი მიზანი კი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფაა.
პროექტთან დაკავშირებით, დღეს პრესკონფერენცია გამართეს “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ  და “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

 

ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ადგილობრივი თვითთმმართველობის რეფორმის თვალსაზრისით, გარკვეული ცვლილებები გატარდა, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები შეფასდა, როგორც არადამაკმაყოფილებელი. ლომჯარიას განცხადებით, მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რაც იყო ფუნდამენტური თვითმმართველობის რეფორმის პროცესში, არ მოგვარებულა. მისივე თქმით, თვითმმართველობის ორგანოების მოსახლეობასთან დაახლოება არ მომხდარა.
უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა უფრო ეფექტური ჩართულობის მექანიზმის შემუშავებაზე მუშაობს. ლომჯარიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფი საქართველოს მთავრობას შესთავაზებს კონცეფციასა და კანონპროექტს, რათა მათ ინიციატივა პარლამენტში განსახილველად წარადგინონ, ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ საქართველოს ორასზე მეტ თემში, დაბაში თუ ქალაქში საჯარო განხილვები ჩაატარონ.
პროექტის შესახებ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის რეფორმა დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაპირები იყო.
როგორც ზვიად დევდარიანმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები მოისმენენ მოსახლეობისა და თვითმმართველობის ორგანოების მოსაზრებებსა და ინიციატივებს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში საკუთარი როლის შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პროექტის მიზანია მოქალაქეების სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით დღეს არსებული მექანიზმების გადახედვა და “მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შესახებ” ახალი კანონპროექტის მომზადება, რომელიც დეკემბერში განსახილველად საქართველოს ხელისუფლებას წარედგინება.
პროექტს ახორციელებს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” და მისი პარტნიორი ორგანიზაციები.