შეხვედრა ამბროლაურში

410

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ამბროლაუში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, რომელშიც ასევე მონაწილეობას იღებდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, არსამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად საკრებულო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდა, თემის აქტუალობიდან გამომდინარე მთელი აქცენტი მუნიციპალიტეტის ოპტიმიზაციის საკითხზე გაკეთდა.

საკრებულოს წევრები იცნობდნენ გეგმის ალტერნატიულ ვარიანტსაც, მაგრამ მოითხოვდნენ დამატებით, დეტალურ ინფორმაციას გამოთანაბრებითი ტრანსფერის, შიდა სატრანსპორტო სისტემისა და სოფელების ცენტრთან დაკავშირების შესახებ.

საკრებულოს წევრებს შორის აზრები გაიყო. მათ აინტერესებდათ, რამდენად შეძლებდა, ნაწილებად გაყოფილი ცალკე მუნიციპალური ცენტრები დამოუკიდებლად განეხორციელებინა თუნდაც ფინანსური ანგარიშგება, ტენდერები და სხვა საკითხები. ადგილებზე ასევე მწვავედ დგას კვალიფიციური კადრების პრობლემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების მხრიდან უნებლიე კანონდარღვევა და დანაშაულის ჩადენა.

საუბარი ასევე შეეხო იმ საჭიროებებს, რომელიც დაკავშირებულია ახალი მუნიციპალიტეტების შექმნასთან. იგულისხმება, დამოუკიდებელი ბიუჯეტი, შენობები, რომელიც სოფლებში არ არსებობს, კვალიფიციური მოხელეები, რომლებიც შეძლებენ დამოუკიდებლად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები. ადგილობრივები ამ საჭიროებებზე ითხოვდნენ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ გათვლებს, არამედ გარანტიებს მთავრობისგან.

აღინიშნა, რომ საკრებულო მზად არის აიღოს თავისი წილი პოლიტიკური პასუხიმგებლობა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული დათვლებისა და გარანტიების არსებობის შემთხვევაში, მაგრამ არ წავა გაუაზრებელ რისკზე ალტერნატიულ კონცეფციაში მითითებული გაზრდილი ბიუჯეტის იმედით.

ყველა პრობლემურ საკითხზე საბჭოსა და „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განმარტებები საკანონმდებლო გარანტიებთან დაკავშირებით, რომელსაც ალტერნატიული ვარიანტი ეფუძნება.