ქალაქ ზუგდიდში ასოციაცია „დეას“ ოფისში ტერიტორიული ოპტიმიზაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა.

422

ქალაქ ზუგდიდში ასოციაცია „დეას“ ოფისში „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა“ და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელთა ინიციატივით ზუგდიდის ტერიტორიული ოპტიმიზაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ზუგდიდის ტერიტორიული ოპტიმიზაციის გეგმის ორი ვარიანტი გააცნეს, თითოეული თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებით.

შეხვედრის დასაწყისშივე მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბება თითქმის გარდაუვალია. რა ხდება დანარჩენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნარჩუნდება არსებული სიტუაცია თუ უკეთესია დაიყოს რამდენიმე მუნიციპალიტეტად? ამასთან დაკავშირებით დამსწრეებმა დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს. ასევე დაისვა შეკითხვები იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რომელიც დადგება ახალი მუნიციპალიტეტების წარმოქმნის პირობებში.

გამომსვლელები მიიჩნევდნენ რომ აუცილებელია ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა, სოფლის მცხოვრებთათვის ცხოვრების გაიოლება, სოფლების დანგრეული ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების აღდგენა, მიგრაციული პროცესების შეჩერება. შეხვედრაზე ოპტიმიზაციის დადებით მხარედ მიიჩნევდნენ, რომ კონკურენცია სოფლებს შორის ისედაც მწირი ბიუჯეტის განაწილებაზე შემცირდება და პატარა სოფლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა დახარჯონ საბიუჯეტო თანხები სოფლის განვითარებისთვის, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყოფნის პირობებში შეუძლებელი იყო.

მთავარ პრობლემად აქაც მუნიციპალური ცენტრების საკითხი გამოიკვეთა, რადგან სოფლებს შეიძლება უფრო გაურთულდეთ ცენტრთან დაკავშირება და საჭიროა შემოთავაზებული ვარიანტის კორექტირება მოსახლეობასთან კონსულტაციის გზით.
განსახილველი საკითხები ასევე შეეხებოდა საზოგადოებრივი საბჭოების საჭიროებებს. ამასთან გამოითქვა მოსაზრებები, თუ რამდენად რეალურია სრულფასოვანი მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბება და ხომ არ იქნება ეს მუნიციპალიტეტები კვლავ ზუგდიდზე დამოკიდებული, რადგან ზუგდიდი რეგიონალური ცენტრია და ცენტრალური ხელისუფლების სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ იქ არის განთავსებული. ამიტომ შეიძლება ცალკეული მუნიციპალიტეტების დონეზე ვერ განხორციელდეს, მაგალითად, განათლების რესურსცენტრის მომსახურეობა, სახანძრო დახმარება და სხვა.

ადგილობრივებს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ საჯარო სექტორში დასაქმების საშუალება, რომელიც ადრე მხოლოდ ზუგდიდის პრეროგატივა იყო, ახლა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს და მოტივირებულ ადამიანებს ადგილზე დასაქმების საშუალებას მისცემს.

შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე არგუმენტირებული და ამომწურავი პასუხები მიიღეს მომხსენებლებისგან.

შეხვედრას ესწრებოდნენ სათემო კავშირების წარმომადგენლები, რომელთაც სურვილი გამოთქვეს საკუთარ თავზე აიღონ აღნიშნული ალტერნატიული მოდელის პოპულარიზაცია მათსავე თემებში. ასევე მოამზადებენ მიმართვას საქართველოს მთავრობის სახელზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბების შესახებ.