გაყალბებული მედია აკრედიტაციის მქონე 9 პირს ქუთაისში უბნები დაატოვებინეს

694

ქუთაისის N2, N 3, N 4 და N 44 უბნეზე, ცესკოს წარმომადგენლებმა 9 პირს, რომლებიც უბნებზე “პრეს- მედიის” სახელით იმყოფებოდნენ, საარჩევნო უბნები დაატოვებინეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები უბნებზე მას შემდეგ გამოჩდნენ, რაც კონკრეტული პირების მიერ, მედიაორგანიზაციის სახელით ყალბი აკრედიტაციებით საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ქუთაისის N 44-ე უბნის თავმჯდომარის, თეიმურაზ ნიჟარაძის თქმით, უბანზე სამი პირი დილიდან გამოჩნდა და ისინი მედიაორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით აკვირდებოდნენ პროცესს, თუმცა, მოგვიანებით მას ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ აღნიშნული პირების აკრედიტაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არ იყო გაცემული. “ამის შემდეგ სამივეს დავატოვებინეთ უბანი”, – ამბობს თემურაზ ნიჟარაძე.

იგივე ფაქტი განმეორდა N4-ე უბანზეც. კომისიის თავმჯდომარის თქმით, “პრეს -მედიის” სახელით პროცესზე დასწრებას ორი პირი ცდილობდა. “თავიდანვე საეჭვოდ მომეჩვენა, მაგრამ აკრედიტაციები ჰქონდათ. მოგვიანებით შეგვატყობინეს, რომ ეს ყალბი აკრედიტაციები იყო და მოვთხოვეთ უბნის დატოვება”, – ამბობს N4-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე, ნატალია დვალიშვილი.

უბნების კომისიის წევრთა თქმით, ყალბი აკრედიტაციის მქონე ყველა პირი უბანზე “პრეს-მედიის” წარმომადგენლად რეგისტრირდებოდა. ამასთანავე, ამავე მედიის სახელით ერთი და იგივე პირები რამდენიმე უბანზე მიდიოდნენ. მათ უბნებზე მიჰქონდათ ვიდეოკამერა და საარჩევნო პროცესის ჩაწერას ახორციელებდნენ. მათივე განმარტებით, რამდენიმე მათგანს უბანზე ცესკოს წარმომადგენელთა მისვლის შესახებ წინასწარ ტელეფონით აცნობეს და მათ ტერიტორია თავად დატოვეს, ნაწილს კი უბნების დატოვება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა აიძულეს. ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე გაყალბებული მედია აკრედიტაციის მქონე პირების ყოფნის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

წყარო: ინტერპრესნიუსი