შეხვედრა მცხეთაში

380

საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსა და „ფონდ ღია საზოგადოების“ წარმომადგენლებმა – კოტე კანდელაკმა და კოკა კიღურაძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფისში მცხეთის ტერიტორიული ოპტიმიზაციის გეგმის პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, არსამათავრობო ორგანიზაციების, გამგეობის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები და ხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრას ესწრებოდა გუბერნატორის აპარატის წარმომადგენელი, კობა არაბული, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული მრჩეველთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.
პრეზენტაცია კონკრეტულად შეეხებოდა ოპტიმიზაციის განხორციელების ორ შესაძლებლობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.
მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი თუ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის შექმნა – ეს იყო შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი. მონაწილეებმა განიხილეს წარმოდგენილი ორი ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
უფრო კონკრეტულად კი მუნიციპალიტეტის დაყოფის ალტერნატიული გეგმის შესახებ მოსახლეობამ დამატებითი ინფორმაცია მიიღო. მათ აცნობეს გაზრდილი ბიუჯეტის დაფინანსების წყაროების, შესაბამისი ინფრასტუქტურისა და მოხელეთა გადამზადების შესაძლებლობის შესახებ. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსით თვითმმართველი ერთეულის საკანონმდებლო და ეკონომიკური გარანტიების შესახებ.
გამომსვლელთა უმრავლესობა დადებითად აფასებდა, იმ ფაქტს, რომ ალტერნატიული ვარიანტის ამოქმედების შემდეგ სოფლებს განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცმათ. მოსახლეობის ეჭვები და კრიტიკა კი დაკავშირებული იყო შემდეგ საკითხებთან:
• ქვეყანაში არ არის აღწერილი ქონება. დაუდგენელია სოფლების ზუსტი საზღვრები. გაურკვეველია თუ როგორ განაწილდება ქონება და რომელ სოფელს, რომელ მუნიციპალურ ცენტრს მიაკუთვნებენ.
• მთავრობა არ იძლევა კონკრეტულ გარანტიებს, დანმდვილად ექნება თუ არა სოფლებს დამოუკიდებელი ბიუჯეტი დაყოფის შემდეგ. საკანონმდებლო გარანტიები მათთვის არ არის სანდო, რადგან მთავრობას აქვს ბერკეტი, ნებისმიერ დროს შეცვალოს გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა.
• დარჩენილ დროში საკმაოდ რთულია იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ოპტიმიზაციას და ამ პროცესის მოსამზადებელ პერიოდს უკავშირდება.
• არ არიან დარწმუნებული, შეთავაზებულ ვარიანტის მიხედვით, თითოეულ მუნიციპალიტეტეში გაერთიანებული სოფლები რამდენად შეძლებენ თანაცხოვრებას და აინტერესებთ, ხომ არ შეიქმნება პრობლები სოფლებს შორის. გვთავაზობდნენ, თავდაპირველად მოქმედ მუნიციპალურ დაყოფაში მოხდეს აღნიშნული თემების გაერთიანება და შემდეგ ცალკე გამოყოფა.
• გამოიკვეთა პრობლემები შემდეგ სოფლებთან დაკავშირებით – სოფლებთან მსხალდიდი და წოდორეთი მიმართებაში, რადგან ბოლომდე არ არის გარკვეული მათი მიკთვნების საკითხი.
• როგორ გაიზრდება სატრანსფერო დაფინანსება, როცა დღეს მთელი მცხეთის რაიონი 1 მილიონზე ცოტა მეტს იღებს?! რა დამატებითი წყაროები შეიძლება გამოიძებნოს, რაც გაზრდის ახალი მუნიციპალიიტეტის საბიუჯეტო დაფინასებას და რატომ არ შეიძლება იგივე პროპორციით დღესვე გაიზარდოს მცხეთის სატრანსფერო დაფინანსება?!
• საარჩევნო საკითხები – როგორ დარეგულირდება მაჟორიტარი დეპუტატის და საკრებულოს დეპუტატების არჩევის საკითხები ტერიტორიული ოპტიმიზაციის კონტექსტში?!
თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი არგუმუნეტებისა და ეკონომიკური გათვლების საფუძველზე მათ დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ გამომსვლელები მხარს უჭერდენენ ოპტიმიზაციის წარმოდგენილ მოდელს, მაინც შეიმჩნეოდა სკეპტიკური და ფრთხილი განწყობა. მათ აღელვებთ, რამდენად არის შესაძლებელი, აღნიშნული გეგმის განხორციელება, როცა გადაწყვეტილების მიღებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ თუ მთავრობა მოინდომებს ამ პროცესის განვითარებას, მოსახლეობა მას დადებითად შეხვდება.