22 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართეს

392

22 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართეს, სადაც ქ. ოზურგეთის გამოყოფის შემდეგ დარჩენილი სოფლების გაერთიანების საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განხილეს, როგორც არსებული სისტემის შესაძლებლობები, ასევე დაყოფის ალტერნატიული გეგმა.
მოსახლეობის ნაწილი საკმაოდ დადებითად შეხვდა წარმოდგენილ ვარიანტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში ამ წლების მანძილზე მათ სოფელში მუნიციპალური ბიუჯეტის დაფინანსებით არაფერი გაკეთებულა, ხოლო ის მინიმუმი, რაც გაკეთდა ძირითადად კერძო დახმარების ან სახელმწიფო დაფინანსების შედეგია. ამასთან, მათ თქმით, მიმდებარე სოფლებისთვის ბახვი ყოველთვის წარმოადგენდა კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბახვში უკვე არსებობს გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მუნიციპალიტეტისთვის. ამასთან ბახვი წარმოადგენს სატრანსპორტო ცენტრს დანარჩენი სოფლებისთვის.
ადგილობრივები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ისინი მიმდებარე სოფლებთან გაერთიანებისა და დამოუკიდებელი ბიუჯეტის შემთხვევაში შეძლებენ გარკვეული პროექტების განხორციელებას მუნიციპალური დაფინანსებით და იქნებიან დამოუკიდებელნი ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში. აღარ ეყოლებათ შუამავალი რგოლი, ოზურგეთის სახით, ცენტრალურ და სამხარეო ხელისუფლებასთან ურთიერთობის პროცესში.
შეხვედრაში მონაწილეთა და გამომსვლელთა აზრით პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივებისთვის კონტროლის მექანიზმების არარსებობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში. ასევე არ არის გამჭვირვალე სოფლებს შორის საბიუჯეტო თანხების განაწილების პროცესი.
ადგილობრივებისთვის მთავარი წინააღმდეგობა მუნიციპალური ცენტრის საკითხთან არის დაკავშირებული. ალტერნატიულ ვერსიაში, ცენტრის სახით შეთავაზებული იყო ქვედა ბახვი, რომელიც უფრო მოსახერხებელია ნაგომარისა და ძიმითის მოსახლეობისთვის. თუმცა შეხვედრის მონაწილეებმა ეს შესაძლებლობა მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან მათი მოსაზრებით ძირითადი ცენტრი სწორედ ბახვია და არა ქვედა ბახვი, სადაც მინიმალური ინფრასტრუქტურაც კი არ არსებობს.
საბოლოოდ, გადაწყდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ცენტრი იქნება ბახვში, ისინი მიესალმებიან დაყოფის ასეთ მოდელს. გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ 27 მარტამდე წერილობით მიმართონ საქართველოს მთავრობის. ისინი სთხოვენ მთავრობას წარუდგინოს წინადადებები საქართველოს პარლამენტს და გაითვალისწინოს მოსახლეობის მოსაზრებები ბახვის მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბების შესახებ.