საქართველოს პარლამენტის ბიურომ თვითმმართველობის კოდექსი დაარეგისტრირა

409

საქართველოს პარლამენტის ბიურომ საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის პროექტი დღევანდელ სხდომაზე დაარეგისტრირა. დოკუმენტის საკომიტეტო განხილვის პროცედურები პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.

თვითმმართველობის ახალი კოდექსი თვითმმართველობის არსებულ მანკიერ სისტემას ევროპული, საზოგადოებაზე ორიენტირებული თვითმმართველობის სისტემით ცვლის. პროექტის მიხედვით, იზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და ნაცვლად დღეს არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქისა (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი), ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები და მათ ბაზაზე მოხდება მუნიციპალიტეტების ფორმირება; თვითმმართველი ერთეულების – ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველი რგოლები იქნება არჩევითი; განისაზღვრა ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს. კოდექსით, ასევე, განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რაც სოფლის მაცხოვრებელთა რეალური საჭიროებების გამოვლენასა და მათ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.

ყველაფერი ეს ადგილობრივ თვითმმართველობებს მისცემს სწორი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას; მეტად დააახლოებს ადგილობრივი ხელისუფლებას მოსახლეობასთან, შესაბამისად, გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობის დონეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში; გაუმჯობესებს საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხს; აამაღლებს საზოგადოების პასუხისმგებლობას.

ახალი კოდექსის მიხედვით, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები.

საქართველოს მთავრობამ თვითმმართველობის კოდექსი ოქტომბრის ბოლოს დაამტკიცა.