საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება

401

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიესალმება ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის კომიტეტის მზაობას, რათა აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ დიალოგში მის მიერ მარტში მიღებული რეკომენდაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებით. როგორც კონგრესის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს ადგილობრივ დემოკრატიასთან დაკავშირებული რეფორმის მოცულობა“.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესმა 2013 წლის მარტში საკუთარ რეკომენდაციებში მკაფიოდ მიუთითა, რომ მნიშვნელოვანიპროგრესია მისაღწევი დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით, რაც უნდა განხორციელდეს ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით.კონგრესმა თავის დოკუმენტში, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ თვითმმართველობის რეფორმაზე და განაცხადა, რომ2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობამ გამოხატა დეცენტრალიზაციის ნება. მისი რეფორმის სტრატეგია აგებულია სუბსიდიარობის, ფინანსური დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპებზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორია, სრულად იზიარებს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის რეკომენდაციებს და ის აუცილებლად იქნება ასახული თვითმმართველობის კოდექსში.

სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პირობებში, ვერ მოხერხდა რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება. 2005 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაშორდა საკუთარ მოსახლეობას, მოქალაქეები არ იყვნენ ჩართულნი ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში, თვითმმართველობებს არ ჰქონდათ ფინანსები ადგილობრივი პრობლემების გადასაწყვეტად და მათი ფინანსური მდგრადობა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული.

 

დღეს საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას – დაუბრუნოს თვითმმართველობებს წართმეული თავისუფლება, მისცეს ფინანსური დამოუკიდებლობა, რათა თავად შეძლონ ადგილებზე არსებული საკითხების მოგვარება, მისცეს ქალაქებს განვითარების შესაძლებლობა, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი საკითხების გადაჭრის პროცესში. ამისათვის საქართველოს მთავრობამ 2013 წლის მარტში მოიწონა დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები, რომელიც სწორედ თვითმმართველობის საყოველთაოდ აღიარებულ, მათ შორის, თვითმმართველობის ევროპული ქარტიის, პრინციპებს ეფუძნება. ამჟამად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, არასამთავრობო ორგნიზაციებთან ერთად, თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობს და, დასრულების შემდეგ, მისი განხილვა დაინტერესებულ ჯგუფებთან მოხდება.

რაც შეეხება ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ, თუ გამოძიებას აქვს კითხვები რომელიმე თანამდებობის პირის მიმართ, ამ კითხვებს პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. ამიტომაც მოვუწოდებთ ყველას, მოთმინებით დაელოდოს გამოძიების დასრულებას. ამასთან, გვინდა დავარწმუნოთ საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოება, რომ აღნიშნული პროცესი არანაირად არ აფერხებს არც ერთი თვითმმართველი ორგანოს ფუნქციონირებას.