თუ არ წახვალ არჩევნებზე…

1148

ხვალ, 21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ხვალ მოქალაქეებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტის მერი და 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი უნდა ავირჩიოთ.

რა მოხდება, თუ არ წავალთ არჩევნებზე?

მოხდება ის, რომ არჩეულ მერსა თუ საკრებულოს წევრს არ ექნება ჩემი, შენი და იმ ადამიანების ლეგიტიმაცია, ვინც არჩევნებში მონაწილეობა დავიზარეთ, ან „მაინც არაფერი გვეშველება“-ს პრინციპით უარი ვთქვით, ან კიდევ ამ ფორმით გამოვუცხადეთ იმ პოლიტიკურ სისტემას პროტესტი, რომელიც არ მოგვწონს, ან უბრალოდ, არ გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს…

თუ არ წავალთ არჩევნებზე, ჩვენ მიერ არარჩეული მერი თუ საკრებულოს წევრი, უპირველესად, სხვის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული – პარტიის, ცენტრალური ხელისუფლების, ძალოვანი სტრუქტურის, ანუ იმ პოლიტიკური სისტემის წინაშე, რომელმაც მასზე გააკეთა არჩევანი და რომლისგანაც უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე ჩვენგან – ამომრჩევლებისგან. თუ 2014 წლის არჩევნებს გადავხედავთ, ამის არაერთ მაგალითს ვნახავთ – ამომრჩეველთა დაბალი ლეგიტიმაციის მქონე, მაგრამ პოლიტიკური სისტემისგან მხარდაჭერილი მერები ვის წინაშე გრძნობდნენ უფრო მეტად თავს ვალდებულად…

თუ არ წავალთ არჩევნებზე, კვლავ ვივლით ამორტიზებულ და დანგრეულ გზებზე ასევე ამორტიზებული, მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით, ყოველი გაწვიმებისას ისევ აგვევსება ქუჩები და ეზოები წყლით, მსხვილი თუ წვრილი სამშენებლო კომპანიები კვლავ მოჭრიან ათეულობით ხეს, კვლავ აგვიშენებენ უზარმაზარ კორპუსებს, ისევ შემცირდება სკვერებისა და პარკების რაოდენობა, კვლავ არ გვექნება სოფელში სასმელი წყალი და მის მოსატანად კილომეტრებს გავივლით ურიკაზე შემოგდებული ბიდონებით… და ასე, ბევრი ისევ და მრავალი კვლავ, რადგან ჩვენ მიერ არარჩეულ ხელისუფლებას არ ექნება ვალდებულება ჩვენ წინაშე.

თუ არ წავალთ არჩევნებზე, ვერც მოვთხოვთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით მოაგვაროს ის პრობლემები, რაც გვაწუხებს, იმიტომ, რომ ის ჩვენი არჩეული არ იქნება.

რატომ არის თვითმმართველობა მნიშვნელოვანი?

იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის ჩვენი, მოქალაქეების უფლება და შესაძლებლობა, ჩვენ მიერ არჩეული თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, გადავწყვიტოთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

ადგილობრივი თვითმმართველობა არის შესაძლებლობა, შევიქმნათ კომფორტული საცხოვრებელი გარემო იმისათვის, რომ გვქონდეს მოვლილი ეზოები და სადარბაზოები, რომ ჩვენმა შვილებმა მოწესრიგებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ისწავლონ, რომ განახლდეს გზები და ტრანსპორტი, რომელიც ასე გვჭირდება, რომ უფრო მეტად გაიზარდოს მწვანე სივრცეების – სკვერების, პარკებისა თუ  სპორტული მოედნების რაოდენობა, რომ კონტროლი გავუწიოთ მშენებლობებსა და მათზე გასაცემ ნებართვებს. ერთი სიტყვით, კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, გადავწყვიტოთ საკუთარი ქალაქისა თუ სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხები.

როგორ უნდა ჩავერთოთ ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში?

თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას არეგულირებს, ამის კარგ შესაძლებლობას გვაძლევს. სწორედ კოდექსით გვაქვს გარანტირებული უფლება, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ჩართულობით მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ როგორ და რაში დახარჯავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, რა პრიორიტეტებს დასახავს, როგორ გააუმჯობესებს მომსახურების სერვისებს და ა.შ.

ადგილობრივი ხელისუფლება სწორედაც ის შესაძლებლობაა, სადაც წარმატება მხოლოდ ჩვენი აქტიურობით მიიღწევა.

ამიტომაც, სწორედ ამ საკითხების გადასაწყვეტად და უკეთესი პერსპექტივის მოლოდინით, ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! ავირჩევთ, რათა ვმართოთ – თვითმმართველობა ხომ ჩვენი უფლებაა!