როგორ აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს მესხეთში

926

როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო მესხეთში – არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიციური პარტიები ადმინისტრაციული რესურსის არნახულ მობილიზებაზე, მმართველი გუნდის კანდიდატები კი ობიექტურ საარჩევნო გარემოზე საუბრობენ.

ახალციხე

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო გარემო უცნაურად მშვიდია: „გასული წლებივით, ყველა შეხვედრაზე ორ–ორი მანქანა არ დაგვყვება და ყურს არ გვიგდებენ. თუმცა, არნახული მობილიზებაა ადმინისტრაციული რესურსის, ააიპ–ების თანამშრომლებს „ოცნების“ შტაბში თავიანთი ახლობლებისა და ოჯახის წევრების სიები მიაქვთ. ხალხს ატერორებენ, ტელეფონისა და პირად ნომრებს ართმევენ, მათ ამის შემდეგ ჰგონიათ, რომ თუ „ოცნებას“ არ მისცეს ხმა, პრობლემებს შეუქმნიან“.

ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებაზე საუბრობს „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ახალციხეში ჯუმბერ ინასარიძეც: „კონკურენციის გაწევა მიწევს არა პიროვენებეთან, მათ ბიოგრაფიასთან, განათლებასთან და გამოცდილებასთან, არამედ სისტემასთან და ნომერთან. ხალხის ფულით გაკეთებულ პროექტებს თვითონ იბრალებენ. ასეთ პირობებში რა კონკურენციაზე უნდა ისაუბრო?!“

ჯიმშერ გოგოლაური, რომელიც „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზის“ მერობის კანდიდატია ახალციხეში, ამბობს რომ ქალაქში წინასაარჩევნო გარემო მშვიდია: „მხოლოდ პლაკატების ჩამოხევის გამო შეიქმნა პრობლემები. ისე ვფიქრობ, რომ რაიონში ხალხი ყველა კანდიდატს პლაკატების გარეშეც გვიცნობს“.

არ ეთანხმება გოგოლაურს ახალციხის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ბარძიმაძე. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყველა ოჯახში მიდიან და მოსახლეობას აშინებენ: „სიები აქვთ შედგენილი ვინ უნდა მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“, ასევე აქვთ შავი სიები შედგენილი. უბრალოდ ხალხი ვერ ლაპარაკობს ამაზე ხმამაღლა“.

არ იზიარებს ოპონენტების პოზიციას ახალციხის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზაზა მელიქიძე. მისი თქმით, არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება და არც სხვის სააგიტაციო მასალებს აზიანებენ „ოცნების“ წარმომადგენლები: „ხევენ როგორც ოპოზიციური პერტიების ასევე ჩვენ პლაკატებსაც. ზოგადად კი მშვიდი საარჩევნო გარემოა, გვინდა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს“.

ასპინძა

ანალოგიურია შეფასებები ასპინძაშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დაბაში მალხაზ მოსიძე ამბობს, რომ „წინასაარჩევნო გარემო ნორმალურია“, თუმცა კომისიის წევრების შერჩევა გაუჭირდა: „ერიდებოდა ხალხი ღიად ჩვენს გვერდში დაფიქსირებას. ამის მიზეზი ისაა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლების ეშინიათ“.

მოსიძისგან განსხვავებით, „რთულს“ უწოდებს მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი და დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი ლევან ცაბაძე. მისი თქმით, მოსახლეობაზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, გამგეობაში, ასევე ზეწოლით, თანამშრომლებს გათავისუფლების შესახებ განცხადებები დააწერინეს, მასთან შეხვედრებზე გასვლას კი ხალხი შიშის გამო ვერ ბედავს: „თავიდან ვახერხებდი მოსახლეობასთან შეხვედრებს, ახლა ჩემთან ლაპარაკს ვეღარავინ ბედავს“.

სუს–ის მობილიზებასა და მის მიერ მოსახლეობის დაშინებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ასპინძაში ტარიელ ლონდარიძე. იგი ამბობს, რომ ხალხი ვერ ბედავს ამაზე ხმამაღლა ისაუბროს და სისტემას ღიად დაუპირისპირდეს: „სუს–ი სულ მუშაობს, მშვიდად ამუშავებს ხალხს. ამიტომ საჯარო შეხვედრებს აღარ ვაწყობთ და კარდაკარ ვაცნობ მოსახლეობას ჩვენს პროგრამას“.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ასპინძაში როსტომ მაგრაქველიძეც, თუმცა ამბობს, რომ საერთო ჯამში მუნიციპალიტეტში მშვიდი და თანაბრად კონკურენტული გარემო იყო: „ისეთი არაფერი ყოფილა, რომ დავზიანებულიყავით“.

ადიგენი

გარემო რომ ერთი შეხედვით სტაბილურია, თუმცა მოსახლეობა შიშის ქვეშაა, ამაში ახალციხისა და ასპინძის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ადიგენში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი რატი ტატალაშვილიც ეთანხმება. მისი თქმით, ღია მუქარას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ის ფაქტი, რომ რამდენიმე თემში მაჟორიტარი დეპუატობის კანდიდატი არ ჰყავთ, სწორედ შიშსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებს.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე აკეთებს აქცენტს ადიგენში „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გელა სარაშვილი: „მთელი საკრებულოს აპარატი და გამგეობის ლამის ყველა თანამშრომელი, ააიპ–ების წარმომადგენლებთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესში ჰყავთ ჩართული. ამ შემთხვევაში, რომელ თანაბრადკონკურენტულ გარემოზე უნდა ისაუბრო?!“

მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ადმინისტრაციული რესურისის გამოყენებაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი მინდია ჯელიაც საუბრობს. მისი თქმით, პირადად მის პლაკატებს სწორედ მათი დავალებით ხევენ: „კარგი ამ წინასაარჩევნო გარემოში ის არის, რომ პროცესებში არ ერევიან ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, ისინი თავის საქმეს პატიოსნად ასრულებენ“.

არ ეთანხმება ოპონენტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე: „ძალიან მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა. ოპოზიციური პერტიების მხირიდანაც არანაირი პროვოკაციის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ვფიქრობ, არჩევნებიც ასეთ მშვიდ ვითარებაში ჩაივლის“.

ბორჯომი

თითქმის არაფრით განსხვავდება ბორჯომში ოპოზიციური პარტიების მიერ გამოთქმული შეფასებები ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის კანდიდატების მოსაზრებებისგან.

„როგორც ყოველთვის ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული, ბაღების თანამშრომლები, ააიპ–ების წარმომადგენლები, ახალი ამ არჩევნებზე არაფერია“, – ამბობს „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატი ბორჯომში გიორგი გიუაშვილი.

არათანაბარ პირობებში რომ არიან საარჩევნო სუბიექტები, ამაზე ბორჯომში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ვალერი გრიგალაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში არათანაბარ პირობებს მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძეც ქმნის: „ყველგან ცხვარს კლავენ და ჩაჩანიძის სადღეგრძელოები ისმის. ეს აქამდე რატომ არ ხდებოდა?! რაც შეეხება მმართველ გუნდს, კანდიდატები დაგვიშინეს. დვირში მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ გვყავს, ახალდაბაში კი ისე შეაშინეს, რომ ტელეფონში მთხრა 22–მდე მანდ ვერ გამოვჩნდებიო“.

გრიგალაშვილის თქმით, მათ კანდიდატებს მუქარის შემცველ მესიჯებს სპეციალურად გაკეთებული ფეისბუქგვერდებით წერენ: „ასე მათ დაშინებას ცდილობენ“.

„ქართული ოცნების“ შტაბის ხელძღვანელი ბორჯომში დიმიტრი ყიფიანი ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტში ბრწყინვალე წინასაარჩევნო გარემოა: „ისეთი სიმშვიდეა, თითქოს ხვალ არჩევნები არ იყოს. დარწმუნებული ვარ, არჩევნების დღეც ასეთი მშვიდი იქნება“.

”სამართლიანი არჩევნების” სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის კოორდინატორი ნინო ბიბილეიშვილი ზოგადად სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ საერთო ჯამში მშვიდი ვითარება იყო: „კანდიდატურების მოხსნის ფაქტები დაფიქსირდა, მაგრამ ზეწოლასა და მუქარას ბევრი არ ადასტურებდა“.

ბიბილეიშვილი რეგიონის მასშტაბით ზეწოლების თვალსაზრისით ასპინძას გამოარჩევს. იგი განსაკუთრებულ აქცენს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე აკეთებს: „ამ შეხვედრის შემდეგ ზეწოლა არაერთმა დაგვიდასტურა“.