მირდატ ქამადაძე: გადასატან ყუთებზე არასწორად შედგენილი სიებით „ქართული ოცნება“ ხმების მითვისებას ცდილობს

752

კომისიებს გადასატან ყუთებზე სია არასაწორად აქვს შედგენილი, – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, გადასატან ყუთებზე არასწორად შედგენილი სიებით „ქართული ოცნება“ ხმების მითვისებას ცდილობს.

”ბათუმში გადასატან ყუთებთან დაკავშირებით პრობლემებია. მაგალითად: 72-ე საარჩევნო უბანზე ვინმე თამარ ბალაძეა რეგისტრირებული, თუმცა ამ მისამართზე რეალურად საცხოვრებელი არ არის და სასტუმროა. სასტუმროს მეპატრონე აცხადებს, რომ აღნიშნულ მისამართზე ფიზიკური პირები არ არიან რეგისტრირებული, მითუმეტეს ბალაძე თამარი. კომისიებს გადასატან ყუთებზე სია არასაწორად აქვს შედგენილი. მიწერილი ჰყავთ ის ადამიანები, რომლებსაც შემდგომ მათ სასარგებლოდ გამოიყენებენ. ბათუმში დ. გურამშვილის #9-ში ჟანა ჩარუკიანია რეგისტრირებული, რომელიც აცხადებს, რომ მის მისამართზე სამი ადამიანი – კონცელიძეები არიან მიწერილი, მათ ამ მისამართზე არასდროს უცხოვრიათ. ასეთი მიწერები საარჩევნო სიებში ბათუმის მასშტაბით 7000-მდე აღწევს. სწორედ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ არჩევნები გააყალბოს. ყველა კომისიის წევრს მოვუწოდებთ, რომ ეს არის კანონდარღვევა. დრო მოვა „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილს აღარ ექნება ის გავლენები, რაც აქვს, ამიტომ, ყველა იმ ქმედებაზე პასუხისმგებლობა მოგიწევთ“,- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ამასთან, როგორც მირდატ ქამადაძე აცხადებს, გასულ წელს, ხელვაჩაურში ორი საარჩევნო უბნის თავმჯდომარეებმა შემაჯამებელი ოქმები „ქართული ოცნების“ შტაბში დაწერეს, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ საყვედური გამოუცხადა, თუმცა ისინის დღესაც ამავე უბნებს ხელმძღვანელობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო კანონმდებლობას ისევ დაარღვევენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი