მრავალეროვანი საქართველო: ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტი გაცილებით დაძაბულს გახდის კენჭისყრის დღის მსვლელობას

828

სადამკვირვებლო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო” მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“საერთო სამოქალაქო მოძრაობა”მრავალეროვანი საქართველო” გმობს მარნეულის N20 საარჩევნო ოლქში, სოფელ ყიზილაჯლოში, საარჩევნო სუბიექტის – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.

აღშნული შემთხვევა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმავე სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გაცილებით დაძაბულს გახდის კენჭისყრის დღის მსვლელობას.

გნსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სოფელში, 1 წლის ფარგლებში, ორივე საარჩევნო ციკლში, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აგრეთვე მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პერიოდში, ადგილი აქვს კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივი ამომრჩევლების თავისუფალი ნების გამოხატვასა და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას.

ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ, აღნიშნულ ინციდენტში დამნაშავე პირების დასასჯელად, ისევე, როგორც კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლების აღსრულებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში თავდასხმა მოხდა “ქართული ოცნების” შტაბთან, რა დროსაც 4 ადამიანი დაიჭრა. მათ შორის, დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი. ინციდენტი 19 ოქტომბერს 23 საათზე მოხდა. რაც შეეხება დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო ორი პირის მდგომარეობა მსუბუქია.

ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.